თბილისის საკრებულოს პროექტი – “კინო ყველგან” დაიწყო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, პროექტი სახელწოდებით – ,,კინო ყველგან‘’ დაიწყო.

პირველი ჩვენება გლდანის რაიონში მდებარე სკვერში ლევან კოღუაშვილის ფილმით – ,,შემთხვევითი პაემნები” გაიმართა.

პროექტის მიზანი ღია კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრებისთვის ხელშეწყობაა.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება როგორც თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმები, ასევე მოეწყობა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები ჩვენება.

,,მოგეხსენებათ, ქართული კინო ქართული კულტურის ნაწილია. ჩვენი ახალი პროექტი მიზნად სწორედ ქართული კინოს პოპულარიზაციას და ამასთანავე, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. ძალიან მძიმე დღეები გაიარა ყველა სფერომ პანდემიის დროს და კინო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. პანდემიამ დააზარალა არა მხოლოდ მსახიობები და რეჟისორები, არამედ მაყურებელიც, რომელსაც კინოთეატრებში ფილმების ნახვის საშუალება არ ჰქონდა’’, -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და დედაქალაქის ათივე რაიონს მოიცავს.

ჩვენებას, რომლის სპონსორები ,,კავეა”- ს კინოთეატრების ქსელი და ბურბუშელას მწარმოებელი კომპანია ,,მისტერ კრისპო” არიან, თბილისის საკრებულოსა და მერიის, ასევე გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მსახიობები დაესწრნენ.