არავის მოგცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და უკანონო შენობები განათავსოთ – კახა კალაძე

ყველამ ყველაფერი ვიცით და არავის მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და შემდეგ უკანონო შენობები განათავსოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, რამდენიმე დღის წინ, მერიის სამსახურებმა სამგორის რაიონში იმ მშენებარე ნაგებობების დემონტაჟი განახორციელეს, რომლებიც სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო განთავსებული. კახა კალაძის თქმით, ასეთი ფაქტები გრძელდება, ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ უკვე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება.

„ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან, სპეკულირებენ სოციალურად დაუცველების, გაჭირვებული ადამიანების სტატუსით. ასეთ ოჯახებს და ადამიანებს დედაქალაქის მერია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეხმარება, ჩვენი პროგრამებით გვერდში ვუდგავართ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით, თუ ჯერ სტატუსი არ მიუღია – შესაძლებლობა აქვს ქირით გავიდეს, რასაც ჩვენ ვიხდით და ეს ჩვენი ხარჯებია, მაგრამ უკანონოდ მიხვიდე, მიიტაცო სახელმწიფო მიწა, მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ხვალ კერძო მესაკუთრის მიწა მიიტაცოს, აქაც ხომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს საკუთრების უფლება? ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების მიტაცება. ჩვენ ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით, მხედველობაში მაქვს ის ადამიანები, ვისაც მართლა უჭირს და მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახებს წინ ფარად იყენებს და თვითონ თბილისში რეალურად რამდენიმე ბინას, რეგიონებში უზარმაზარ სახნავ-სათეს მიწას ფლობს და კარ-მიდამოები გააჩნია. საზოგადოებას ასეთი ადამიანების არსებობა ძალიან ბევრჯერ ვაჩვენეთ, ასევე ვაჩვენეთ, თუ როგორ ალაგებენ ამ მიწებს სახელმწიფო მიწების მიტაცებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველამ ყველაფერი ვიცით და არავის მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და შემდეგ უკანონო შენობები განათავსოთ“, – აცხადებს კალაძე.