სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი სტამბულში

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქის, მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის ბართლომეოს I-ს ოფიციალური მიწვევით მსოფლიო საპატრიარქოს სტუმრობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

ვიზიტი 2022 წლის 29 ივლისს დაიწყო. ოფიციალური პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და ის მსოფლიო საპატრიარქოს არა ერთ მაღალ იერარქთან თუ საერო პირთან შეხვედრას ითვალისწინებს.

ვიზიტის პირველ დღეს ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს  უმაღლეს სასულიერო სასწავლებელს კუნძულ ხალკაზე ეწვია.

დელეგაციას უმასპინძლა ხალკას აკადემიის ხელმძღვანელმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა, მეუფე კასიანე. მან რექტორს წარუდგინა აკადემიის ისტორია და სასწავლებლის წინაშე დღეს მდგარი გამოწვევები.

ბატონმა ზურაბმა მეუფე კასიანეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, ქართულ საგანმანათლებლოს სივრცეში ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მისია და როლი გააცნო. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც უნივერსიტეტმა განიცადა აფხაზეთში კონფლიქტით დამდგარი შედეგით, მისი თანამშრომლები და სტუდენტები სულიერად არ გამტყდარან, თბილისში ენერგიულად გააგრძელეს სამეცნიერო-სასწავლო პროცესი და დღეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული ქართული უმაღლესია სასწავლებელია.

ამასთან ერთად, ის ხიდია, რომელმაც კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოება და ქვეყანა უნდა გააერთიანოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საუნივერსიტეტო დიპლომატიის ის უნიკალური იდეა, რაც ბატონ ზურაბის მიერაა შემუშავებული და სპეციალური მონოგრაფიაც კი შეიქმნა.

წიგნის ეგზემპლარები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხალკას აკადემიის ხელმძღვანელსა და სასულიერო სასწავლებლის უნიკალურ ბიბლიოთეკას უსახსოვრა.

შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი სასწავლებლებს შორის შემდგომი თანამშრომლობის. მეუფე კასიანეს თანხმობით, დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ აკადემიის უნიკალური ბიბლიოთეკის ისტორიული დარბაზების მონახულების, სადაც დაცულია 200 ათასზე მეტი წიგნი და ხელნაწერი, მათ შორის – ქართულ ენოვანიც. ბატონი ზურაბის თხოვნით, აკადემიის ხელმძღვანელობა დათანხმდა ქართულენოვან ხელნაწერებთან სამუშაოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები იქნან დაშვებული. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან აკადემიის წიგნთსაცავებში მუშაობა საკმაოდ რეგლამენტირებული და შეზღუდულია უცხოელი მკვლევარებისათვის.

ხალკას აკადემიაში სტუმრობისას გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი 8 მაშველის გარდაცვალების შესახებ.

მასპინძლებმა ბატონ ზურაბს, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, მიუსამძიმრეს და გარდაცვლილთა სულების საოხად სანთლები დაანთეს.

ვიზიტი საზეიმო სადილით დასრულდა, რომელიც ეპისკოპოს კასიანეს სახელით გაიმართა ხალკას აკადემიაში.

ამ ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია ხალკას სასულიერო აკადემიამ ოფიციალურ მის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე და გაზეთ „ორთოდოქს თაიმსში“ გაავრცელა.

ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდგომი საერთაშორისო ცნობადობის და პოპულარულობის გაზრდის, ასევე აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებისა და ამ ასპექტში საუნივერსიტეტო დიპლომატიის გააქტიურების თვალსაზრისითაც. რექტორ ზ. ხონელიძესთან მუდმივ კავშირში არიან მისი მეგობრები – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა და თურქეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ჯერენ იაზგანი, რისთვისაც ბატონი ზურაბი მათ მიმართ ღრმა მადლიერებას გამოხატავს.

აღსანიშნავია, რომ მათთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს არა მარტო საქმიანი, არამედ – ძველი მეგობრობაც აკავშირებს.

საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის ახალმა ხელმძღვანელმაც, ბატონმა ალი ქაან ორბაიმ მოიწონა ვიზიტის იდეა და ამ პროცესების ყოველმხრივი ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა.