“საქართველოს დასავლურ არჩევანს არანაირი და არავითარი გონივრული საპირწონე არ აქვს”- გია მურღულია

“ერთი რამ უკიდურესად ზუსტად ვიცი – საქართველოს დასავლურ არჩევანს არანაირი და არავითარი გონივრული საპირწონე არ აქვს. ეს, ასევე, ზედმიწევნით კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებსაც”- წერს  სოციალურ ქსელში  საერთაშორისო აკადემია ,,ლოგოსის” დამფუძნებელი გია მურღულია.

“დასავლეთი” მხოლოდ გეოგრაფიული მხარე არ არის. ის, პირველყოვლისა, იდეათა, შეხედულებათა, პრინციპთა და მოქმედებათა სისტემაა.

ყველანაირი პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი ნაბიჯი სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით უნდა გადავდგათ.

პოლიტიკური კულტურა უაზრო და უშედეგო წივილ-კივილს კი არა, მშვიდ, რაციონალურ და შეთანხმებაზე ორიენტირებულ მეტყველებას და მოქმედებას გულისხმობს.

ჩემი აზრით, ახალმა კანონპროექტმა დასაბუთებული პასუხები უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:

1. რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას?

2. რამდენად მართებულ დროს არის შემოთავაზებული?

3. რა ახალ ნორმებს ამკვიდრებს, რომლებიც აქამდე არ იყო 

აქცენტირებული ჩვენს კანონმდებლობაში?

4. როგორ აბალანსებს შესაძლო საფრთხეებს?

5. როგორ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის უპირობო მიზანსა და ამოცანას?

6. ქმნის თუ არა სათანადოდ ორგანიზებულ სივრცეს საზოგადოებრივი შეთანხმების მისაღწევად?

ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს საქმიან გარემოში.

უნდა იკამათონ არგუმენტებმა და არა მუშტებმა თუ ლანძღვა-გინებამ და იარლიყებმა.

თუკი ევროპისკენ მივდივართ (და ასეცაა), მეტი პოლიტიკური და სოციალური კულტურა მოგვეთხოვება.

ვფიქრობ, ქართველ მოქალაქეთა და ამომრჩეველთა მთავარი დაკვეთა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის.

ვინც მშვიდ ვითარებაში თემის განხილვას ხელს შეუშლის (ეს შეთანხმებას გამორიცხავს), ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე სწორედ ის იქნება,“-წერს სოციალურ ქსელში გია მურღულია