“რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დიდი პროგრესია მიღწეული” – ჯეიმს აპატურაი

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის სამ ძირითად მიზანზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უფრო აქტიურად იმუშაონ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. აპატურაის განმარტებით, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო მუშაობა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაზრდაზე ისაუბრა.

„სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური არეალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში დარჩნენ, უფრო აქტიურად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროთ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის.

მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი. ასე რომ ამ დილით ინფორმაციული დღე იყო სამეცნიერო მშვიდობის პროგრამაში, ქართველი მეცნიერები ნატო-ს მეცნიერებთან თანამშრომლობენ, ვფიქრობ, ეს არის წარმატება და ინტერესის შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. შეხვედრებზე ვიმსჯელეთ ასევე სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც. ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. რამდენადაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება.

ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია გზაში, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პრაქტიკული თანამშრომლობის გაზრდაზე, როცა საქმე კიბერ თავდაცვას ეხება. ვიმყოფებოდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ მიმართულებით მუშაობის კოორდინირებაში. ამ თემაზე საუბარი შედგა თავდაცვის სამინისტროშიც, რომ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში, რომ თავადაც იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ფართო კიბერუსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ასევე არის რეფორმების განხილვა. ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ დიდი პროგრესია მიღწეული, თუმცა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას.

„ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან კონტროვერსული კანონი გაწვეული იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში ნატო-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი. ასე რომ, არსებითი იყო ჩემთვის ეს შეხვედრები. ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. ნატო-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებული ვართ, ეს ქვეყანა ნატო-ს უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.