“ოპონენტებმა თვალი გაახილონ და ის სიკეთეები დაინახონ რაც კეთდება” – ზურაბ ჩიკვილაძე

თბილისის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, მათ სიკეთეების დანახვისკენ მოუწოდა და დედაქალაქის მერს ოპერატიულობისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება ამის შესახებ ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

„ვთხოვ ჩვენს ოპონენტებს, მხოლოდ ერთპარტიული და მხოლოდ თავიანთთვის მნიშვნელოვანი თემებით ნუ შემოიფარგლებიან, ფართოდ გაახილონ თვალები და ის  სიკეთეები დაინახონ რაც კეთდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოდის ჯანდაცვის მიმართულებით და  მინდა ამისთვის ქალაქის მერს და მის მთელს გუნდს მადლობა გადაუხადო“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ზრდა  ხუთ მილიონ ლარს აღწევს.

 

„იზრდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების, კომუნალური სუბსიდირების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები,  თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების ქვეპროგრამების დაფინანსება“, –  განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.