რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა იაპონიის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, ჯაბა სამუშიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ თავის რეზიდენციაში უმასპინძლა, სადაც მხარეებმა სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ იაპონიის ელჩს საქართველოში ფონდის მიერ განხორციელებული მეცნიერების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით იაპონიის მხარესთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა ქართული სამეცნიერო სივრცის ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, იაპონიის სამეცნიერო ინსტიტუტებთან პარტნიორობა ქართველ მეცნიერებს მასშტაბურ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას მისცემს, რაც მათ სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.  შეხვედრის ბოლოს მხარეებმა კონკრეტული საკითხების განსახილველად სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

იაპონიის ელჩთან გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი იაპონელი ქართველოლოგი, ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჰიროტაკე მაედა, რომელიც უკვე ათეული წლებია საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურას იკვლევს.