“თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია” – შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის სატრანსპორტო სისტემამ, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით აბსოლუტური რეკორდი მოხსნა და 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. განცხადება ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

 

მისი განცხადებით, ქალაქის სატრანსპორტო სისტემა ამ გამოწვევას მომზადებული რომ არ შეხვედროდა ნამდვილი კოლაფსი მაშინ იქნებოდა.

„როდესაც პროცესს ვაფასებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რა იყო, რა დაგვხვდა და რომელი მიმართულებით მივდივართ. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ მიმართულებით განხორციელდა ტაქსების რეფორმა, მიკროავტობუსების პარკის განახლება, ერთიანი გადახდის სისტემის შემოღება. ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ახალი პარკი გვაქვს ევროპაში და ჩვენ სწორი გზით მივდივართ და გავაგრძელებთ პროცესს, რასაც ჩვენი დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჰქვია“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ სხდომაზე.