კახა კალაძე არის წარმატებული მერი და თქვენ სწორედ მისი წარმატებული საქმიანობა განერვიულებთ – ავთანდილ ცინცაძე ოპოზიციას

„კახი კალაძე არის ადამიანი, რომელიც  თავის გუნდთან ერთად,  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს  დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველი დღე იყოს უკეთესი. რა თქმა უნდა არის გამოწვევები და ამ გამოწვევებს ერთად  გადავლახავთ“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს “ თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე. 

 

უმრავლესობის წევრი დაინტერესდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნებართვო მშენებლობებსა და კორუფციაზე საუბრობს, ხომ არ ავიწყდებათ, თავად  როგორ პარტიას წარმოადგენენ? ავთანდილ ცინცაძის თქმით, პარტია, რომლის მერმაც 50 მილიონის გაფლანგვა თავად აღიარა, სხვას ცილს არ უნდა სწამებდეს.

„ჩვენ დღეს აქ ვიხილეთ უსაფუძვლო ბრალდებები და ოჯახის წევრების მიმართ ცილისწამება. არგუმენტების გარეშე საუბარი ზოგადად ძალიან ცუდია. იმაზე რასაც დედაქალაქის მერი და მერია აკეთებს გარკვეული პასუხისმგებლობა ჩვენც გვაკისრია  და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაინტერესებს, რომელიმე იღებთ თუ არა  პასუხისმგებლობას  24 დიდ და 17 შედარებით პატარა სტადიონზე აშენებულ კორპუსებზე? ან ხომ ვერ მეტყვით, ვინ გასცა მშენებლობის უფლება  თბილისის შემოსასვლელში, სადაც დიდი სიმახინჯე ააშენეთ? ამაზე რატომ არ ამახვილებთ ყურადღებას? “, – დაინტერესდა  ავთანდილ ცინცაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს “  თავმჯდომარემ ყურადღება  საბა ბუაძის გამოსვლებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ყოველ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი კორუფციაზე საუბრობს. ავთანდილ ცინცაძის თქმით, საბა ბუაძესაც ავიწყდება, თუ ვის პარტიას წარმოადგენს იგი.

„ვფიქრობ, ბუაძე კორუფციასა და თაღლითობაზე საუბრით, მისი გუნდის ხელმძღვანელების თაღლითობის გადაფარვას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოვა. კახა კალაძე არის მერი, რომელიც  ყოველთვის არის იქ, სადაც დედაქალაქს სჭირდება.  კახა კალაძე არის წარმატებული მერი და თქვენ სწორედ მისი წარმატებული საქმიანობა განერვიულებთ. გეტყვით, რომ ამ მხრივ სანერვიულო კიდევ ბევრი გექნებათ“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.