ქალაქში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები წინ გადადგმული ნაბიჯია

თბილისის საკრებულოს წევრი ნიკო კახეთელიძე აცხადებს, რომ დღეს, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის მერს გზების სამშენებლო სამუშაოების გამო აკრიტიკებენ, საკრებულოში მყოფი ოპოზიციის წევრების მერობის კანდიდატებიდან ზოგს პროგრამა საერთოდ არ ჰქონდა, ხოლო ზოგის პროგრამა ისეთი იყო მისი განუხორციელებლობით თბილისის მოსახლეობა ნამდვილად გადარჩენილია.

მისივე თქმით, ქალაქში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. განცხადებები ამის შესახებ ნიკო კახეთელიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ ქალაქში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გაკრიტიკების პასუხად გააკეთა.

საკრებულოს წევრის თქმით, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში თბილქალაქპროექტი“ საერთოდ გააუქმა და ყველა ტექნიკური დოკუმენტაცია რაც ამ შენობაში არსებობდა დაწვა.

„დღეს როდესაც რომელიმე ობიექტის გაკეთებას ვიწყებთ, განსაკუთრებით ეს კომუნიკაციებს ეხება, ექსპერტების გათვლის მიუხედავად ყოველთვის გვხვდება ისეთი დეტალები რომელთა გათვალისწინება შეუძლებელია, ზუსტად იმის გამო, რომ დაწვეს და გაანადგურეს მთელი დოკუმენტაცია რომელსაც 50 და 100 წლის განმავლობაში ქმნიდა ქართული საინჟინრო ტვინი“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნიკო კახეთელიძემ აღნიშნა ასევე, რომ თავის დროზე, საბურთალო-გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზას, ქალაქის მაშინდელი არქიტექტურის სამსახურის დასკვნა არ ჰქონდა.

„აღარ ვლაპარაკობ სხვა კვლევებზე და შედეგიც შესაბამისი დადგა. მომხდარმა ტრაგედიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.