„თუკი რეალურად გვინდა შინაარსობრივი საუბარი, მაშინ გამოკვეთეთ პრობლემა და ერთად დავსახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა“ – ნინო ვარდოსანიძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ საკრებულოს წევრების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა სწორად მიმდინარეობს და ეს რეფორმა ბოლომდე განსახორციელებელია. ამასთან, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საკითხი, თითქოს დედაქალაქის მთავრობა და საკრებულო მოწყვეტილია რეალობას და ხალხს. 

„რატომღაც ცდილობენ, რომ ისე წარმოაჩინონ, თითქოს მოწყვეტილები ვართ რეალობასაც და ხალხსაც, რაც ასე ნამდვილად არ არის. ბოლო ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრეს როგორც პრობლემებზე, ისე ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. თუკი რეალურად გვინდა შინაარსობრივი საუბარი, მაშინ გამოკვეთეთ პრობლემა და ერთად დავსახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. ყოველი სიტყვის ბოლოს კორუფციის ხსენება ეს არის თემის ხელოვნური დამძიმება და ნამდვილად არ არის მისაღები არავისთვის,“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.