ომის 457-ე დღე – უკრაინელებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთ – უკრაინის ომის 457-ე დღე

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.

“წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა”, – განაცხადეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან, კიევის წინააღმდეგ მეცამეტე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის ქალაქ კრასნოდარზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს.

„ტელეგრამ“ არხის Baza-ს ცნობით, ქალაქს დილით ადრე ორი დრონით დაესხნენ თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი, სავარაუდოდ, სამიზნეს მიაღწია.

კრასნოდარის მერმა ევგენი ნაუმოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი – ჩამსხვრეულია მინები, დაზიანდა სახურავი. მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინამ კი, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტვიტერზე“ წერს.

“სახლში 106 ჩვენიანს ვაბრუნებთ. ესენი არიან ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები – 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი”, – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, აღნიშნული ჯარისკაცები ბახმუტისთვის იბრძოდნენ და წარმატებას მიაღწიეს, რამაც მტერს არ მისცა საშუალება, კიდევ უფრო ღრმად წაეწია წინ უკრაინის აღმოსავლეთში.

ამასთან, სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 68 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.