ომის 456-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

რუსეთ – უკრაინის ომის 456-ე დღე

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები – ბახმუტი და მარინკა – რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.

„ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰიდი“ განადგურდა!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო.

შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსების მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.