დიდია ცდუნება, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას, - ამის შესახებ აცხადებს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე, რომლის წერილი ადვოკატმა გაავრცელა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.
„მინდა, გამოვეხმაურო საპროცესო გარიგებებთან საჯარო სივრცეში გავრცელებულ რამდენიმე საკითხს:
1. მე მესმის, დიდია ცდუნება, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას;
2. არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა;
3. არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა, ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა, რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია, ვგულისხმობ ჩემს შემთხვევას, როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის ოქტომბერში, ანუ ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?
4. ადრე გაცხადებულ, ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად.
იმედი მაქვს, გააცნობიერებენ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იმავე ცულით არ მიეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.



