უფრო მეტი ორმაგი სტანდარტი წარმოუდგენელია. თქვენ დარდობთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე, მაშინ, როცა თავად გსურთ გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) აკრძალვა, ან ევროპულ დონეზე პარტია „ევროპა სუვერენული ერების", ამჩნევთ საერთოდ ამ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას? ვინც საკუთარ ქვეყანაში უტევს დემოკრატიას, არანაირი უფლება არ აქვს, აღშფოთდეს სხვაგან არსებული სავარაუდო დემოკრატიული დეფიციტით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიის წევრმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

„თქვენ სრულად კარგავთ სანდოობას და ეს ნდობის ნაკლებობა ასევე ვლინდება თქვენს შერჩევით აღშფოთებაში, რადგან როდესაც უკრაინაში ოცზე მეტი პარტია აიკრძალა, არანაირი პროტესტი არ ყოფილა. პირიქით, თქვენ ზელენსკის კიდევ უფრო მეტი მილიარდებით აჯილდოვებთ.

თქვენ ბოროტად იყენებთ ადამიანის უფლებების კონცეფციას გეოპოლიტიკური მიზნებისთვის - თქვენი შერჩევითი მორალური იმპერიალიზმისთვის, და სწორედ ეს შერჩევითი მორალური იმპერიალიზმი გვიჯდება საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობის დაკარგვად. სწორედ ამიტომაც ვკარგავთ გლობალურად გავლენას",- განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

როგორც დებატებისას ევროპარლამენტის წევრმა აღნიშნა, „საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ხიდი აზიისკენ".

„რეალურად, რა გაღიზიანებთ საქართველოში? ქვეყანა ხომ ნორმალურად ვითარდება.

ფაქტები: 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ამაზე მხოლოდ შეგვიძლია, ვიოცნებოთ. Chandler-ის კარგი მმართველობის ინდექსით საქართველო უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, ხოლო World Justice Project-ის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

რაზე ვსაუბრობთ აქ რეალურად? მე გეტყვით: საქმე სულაც არ ეხება დემოკრატიასა და მონაწილეობას. საქმე იმაშია, რომ საქართველო უარყოფს ვოუქ (woke) სიგიჟესა და ლგბტ პროპაგანდას, რადგან მას სურს შეინარჩუნოს თავისი მძლავრი ქრისტიანული ტრადიცია. და საქმე იმაშია, რომ საქართველო არ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში, რადგან არ სურს, მეორე უკრაინად იქცეს. ეს უნდა გავიაზროთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა რთულ გარემოცვაში: რუსეთი, ირანი, თურქეთი. ასეთ პირობებში საქართველო ვალდებულია, სხვაგვარად მოიქცეს, ვიდრე თქვენ ისურვებდით. ჩვენ ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ და საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ხიდი აზიისკენ. ეს არის რეალპოლიტიკა. თქვენი კონფრონტაციული მიდგომა საქართველოს მხოლოდ უცხოური ჰეგემონური ძალების მკლავებში აგდებს და ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის",- განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.

70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები".

რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.