ქვეყნის მომავალი განვითარების კონტექსტში ოპოზიციისა და ხელისუფლების დღის წესრიგის განსაზღვრას ეხება - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრის დავით ქართველიშვილი
როგორც ის აღნიშნავს, თუ ოპოზიციისთვის მიზანი დესტრუქციაა, ხელისუფლება ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.
დავით ქართველიშვილი წერს, რომ რადიკალები ცდილობენ წარსულის კონფლიქტის უსასრულოდ გაგრძელებას. ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის განვითარებაზე ორიენტაციის დასტურად კი ქართველიშვილს იმ ფორუმების ჩამონათვალიც საკმარისად მიაჩნია, რომელთა გამართვა ოქტომბერშია ნავარაუდევი.
„მესმის, რომ გამაღიზიანებელი თემაა, მაგრამ ამ კუთხით რეპუტაცია უკვე „დაზიანებული" მაქვს და მოდით, მაინც შევადაროთ ოქტომბრის ორი დღის წესრიგი: სახელისუფლებო და რადიკალური. ამ უკანასკნელით დავიწყოთ: ოქტომბრის „ცხელი შემოდგომის" მთავარი თარიღი - 28 ოქტომბერს გველოდება. ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციების მეშვიდასე დღის აღნიშვნა, პარალელურად კი პოლიტიკური ბრძოლის უშუალოდ ციხის სივრცეში გადატანის მცდელობები.
ტაქტიკური სქემა და მიზანი უცვლელია: ქუჩა, კონფლიქტი, მობილიზაცია და ხელისუფლებასთან დაპირისპირების დემონსტრირება. სტრატეგიაზე რა მოგახსენოთ, აქამდე არ ესინჯებოდა პულსი და, ჯერჯერობით, ეს კომატოზური მდგომარეობა ნარჩუნდება.
სრულიად განსხვავებულია ხელისუფლების ოქტომბრის დღის წესრიგი: უკვე 6 ოქტომბერს თბილისი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ფორუმს უმასპინძლებს, 14-15 ოქტომბერს კი გაიმართება BSEC-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების კომიტეტის სხდომა, თანაც იმ წელს, როდესაც საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას თავმჯდომარეობს. ეს არ არის ღონისძიებები მხოლოდ ლამაზი სურათისთვის. მათ უკან დგას ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ინფრასტრუქტურა და შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის მორიგი საიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის ემზადება, სახელმწიფო დღის წესრიგი ცდილობს განსაზღვროს, რომელი პორტებით, გზებით, ფინანსური მექანიზმებითა და ციფრული სისტემებით იქნება საქართველო დაკავშირებული რეგიონულ ეკონომიკასთან.
მართლა მესმის, რაოდენ გამაღიზიანებელია მსგავსი ტიპის ინფორმაცია ქართული საზოგადოების, როგორც მინიმუმ, მესამედისთვის. მაგრამ კიდევ უფრო საჩვენებელია 24-25 ოქტომბრის და განსაკუთრებით 27-28 ოქტომბრის მოვლენები. თბილისში დაგეგმილი UNLIMITED SUMMIT-ი - ტექნოლოგიებს, განათლებას, სტარტაპებს, ხელოვნურ ინტელექტსა და შრომის ბაზარს აერთიანებს, ხოლო 27-28 ოქტომბრის Tbilisi Finance Summit-ი საუბარს უკვე სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს: რეგიონული ეკონომიკური დერეფნების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთაზე, შუა დერეფანი, ტრანსსასაზღვრო ფინანსური მექანიზმები, „fintech, open banking, AI" და ციფრული ინფრასტრუქტურა. ეს უკვე უბრალოდ თბილისში მორიგი კონფერენციის ჩატარება აღარ არის. საუბარია იმაზე, თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს საქართველომ რეგიონული ეკონომიკური ნაკადების ახალ არქიტექტურაში.
და აი, ოქტომბრის ბოლო დღეებიც - 27-31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული არქივი საერთაშორისო კინოფესტივალს Memory Restored უმასპინძლებს, რომლის მთავარი თემაა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში.
საბოლოო ჯამში, ეს ორი საქართველოს პრაქტიკულად მზა მეტაფორაა: ერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს წარსულის კონფლიქტის უსასრულოდ კვლავწარმოებას, მეორე მხარე კი იმაზე მუშაობს, როგორ შეინარჩუნოს წარსული ტექნოლოგიების საშუალებით და, ამავე დროს, ააშენოს ქვეყნის ეკონომიკური მომავალი. ერთ შემთხვევაში მთავარ პოლიტიკურ რესურსად პროტესტის დღეების რაოდენობა იქცევა, მეორეში კი - საერთაშორისო პროექტების, ინვესტიციების, ტექნოლოგიების, სატრანსპორტო მარშრუტებისა და ინსტიტუციური კავშირების რაოდენობა. მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე, „მთავარი" კითხვა სულ სხვა არის: საზოგადოების მესამედის დღის წესრიგი გასაგებია. ძირითად ორ მესამედს რა აინტერესებს ამ ქვეყანაში? მასაც ხომ არ აღიზიანებს საქართველო, როგორც საერთაშორისო სამიტებისა და ფორუმების პლატფორმა, მოსაზრებით: „რა დროს ეგენია, როდესაც...".
და ამის შემდეგ მიდის ჩამონათვალი: ციხეში განვითარებული პროვოკაციებისა, პენიტენციური სისტემის ეპისტოლარული ჟანრის საყოველთაო გარჩევა, თბილისის საპატიო მოქალაქეების მორიგი „არასწორად ჩატარებული" ქასტინგი და ქვეყანაში არარსებული „სინდისის პატიმრების" ხელოვნურად აგორებული კამპანიის სრულიად სამართლიანი იგნორირება..." - წერს დავით ქართველიშვილი.



