საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მზად იქნება, დაიცვას მოსახლეობა ნებისმიერი რისკებისგან.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად თვალს ადევნებს მიმდინარე სიახლეებს და გარემოებებს. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. მონაცემები, რაც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ, ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან", - განაცხადა სარჯველაძემ.