საქართველოს იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით კომპლექსური გამოძიება მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ.
ამასთან, პაატა სალია განმარტავს, რატომ მოხდა გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩაყვანა. ამავდროულად, მინისტრი ამბობს, რომ კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა.
„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველ მსგავს განცხადებაზე რეაგირებს სათანადოდ, დაუყოვნებლივ. პატიმარ დავითაძის საქმე ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს მან განაცხადა უფლებების შელახვის შესახებ, საკმაოდ მძიმე ბრალდება გაისმა მისგან და მყისიერად დაიწყო გამოძიება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს კომპლექსური გამოძიება, ტარდება არაერთი საპროცესო მოქმედება, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში. მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება, რამდენიმე რამ ითქვას გამოკვეთილად.
პირველი - სახალხო დამცველის განცხადება. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ გასაჯაროებულიყო კადრები, როგორ მოხდა პატიმრის ჩაყვანა დეესკალაციის ოთახში, სადაც, ის აცხადებდა, რომ მოხდა სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა. დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მოხდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ პირს სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. ამასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა დეტალური ინფორმაცია და შეგიძლიათ, გაეცნოთ ამას. ისმის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანის მიერ მოხდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება. რაც შეეხება ოთახში ადამიანთა რაოდენობას, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა ან უკანონო მოქმედება განხორციელდა. პატიმარი აცხადებდა პროტესტს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ აძლევდა საშუალებას, განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება", - განაცხადა პაატა სალიამ.
მინისტრის განმარტებით, გამოძიება დაადგენს, შემოწმების პროცედურის დროს დაირღვა თუ არა პატიმრის რაიმე უფლება.
„შემოწმების თემა ამოიწურება, როცა გამოძიება დასრულდება. მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას, პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე, რაც ვნახეთ. ეს არის ერთი - ვიდეოჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა, ვინაიდან არსებობდა საზოგადოების მომეტებული ინტერესი. ეს ჩანაწერიც, სხვა ჩანაწერებიც აქვს პროკურატურას, რომელიც იძიებს საქმეს. სახელმწიფოს აქვს სრული პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სისტემას ემსახურებიან. ეს ბალანსი აუცილებლად იქნება დაცული. ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არცერთი არ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში, უკვე გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა", - განაცხადა პაატა სალიამ.



