ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 12 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: „ირანი, ტრამპის „უხმაურო ომის“ შედეგად, პოზიციების დათმობას იწყებს? ცხოვრების მკვეთრმა გაძვირებამ ბევრი ირანელი დიდი პრობლემების წინაშე დააყენა, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ აშშ-ის ზეწოლით კაპიტულაციაზე არ დათანხმდება“ (ავტორი - ახტარ მაკოი), რომელშიც ირანში შექმნილი სიტუაციაა განხილულ-გადმოცემული: რას ფიქრობს ირანის მოსახლეობა, გაუძლებენ თუ არა ირანელები აშშ-ის მიერ გამოცხადებულ უმკაცრეს ეკონომიკურ ბლოკადას თუ...
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
43 წლის აქბარი, რომელიც ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, კასპიის ზღვასთან ახლოს, მაზანდერანის პროვინციაში მდებარე ქალაქ სარის მცხოვრებია, ჯართის შემგროვებლად მუშაობს და დღეში დაახლოებით 4 გირვანქა სტერლინგამდე (5,3 აშშ დოლარს) შემოსავალი აქვს. მისი მოკრძალებული ხელფასი დღეს დაახლოებით იმის ნახევარია, რასაც ერთი წლის წინ იღებდა.
ახლახან აქბარმა მცირეოდენი ფულის გადანახვა დაიწყო „შავი დღისათვის“ - თუ აშშ-ის დაბომბვა განახლდება, სურსათის ყიდვა რომ მაინც შეძლოს. მაგრამ ორი კვირის წინათ იგი იძულებული გახდა გადანახული ფულის ხარჯვა დაეწყო: „უკვე ყოველდღიური აუცილებელი საჭმელის ყიდვაც კი აღარ შემიძლია. ძალიან ბევრია ჩემნაირ მდგომარეობაში. ფულს ვერავისგან ვერ ისესხებ“.
აშშ-ირანის ომი გაჭიანურებულ სტადიაში გადავიდა, რომელიც ძალზე მძიმეა მოსახლეობისათვის. მსხვილი ქალაქების დაბომბვები - ღია ომი - შეწყდა, მაგრამ მის ნაცვლად სხვა ომი დაიწყო, რომელიც უშუალოდ ეხება რიგით ირანელებს.
ვაშინგტონმა ირანის ყველა ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა, შეზღუდა ირანთან ურთიერთობა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ქვეყანაში მედიკამენტების, კვების პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო სასუქების შეტანა: ამოქმედდა აშშ-ის ანტირანული კამპანია სახელწოდებით „ოპერაცია „ირანი - ეკონომიკურად გარიყული ქვეყანა“.
გასულ თვეში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „შავ სიაში“ შეიტანა ტვირთების გადამზიდავი 27 ირანული ავიაკომპანია: ქვეყანას აღარ აქვს სათადარიგო ნაწილების მიღების შესაძლებლობა, ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თეირანმა ვაშინგტონს გაეროს უშიშროების საბჭოში უჩივლა და აშშ-ის გადაწყვეტილება „ეკონომიკურ ტერორიზმად“ და ქვეყნის „კოლექტიურ დასჯად“ შეაფასა.
ირანის ნავსადგურებისადმი გამოცხადებული ამერიკული ბლოკადის წარმატება აშკარაა. ახლა მთელი ირანული საზღვაო ექსპორტ-იმპორტი გადაკეტილია.
ნავთობის ის მოცულობა, რომელიც სპარსეთის ყურედან მეტ-ნაკლებად მაინც გადის, ირანის არაბ მეზობლებს ეკუთვნით, რაც, ბუნებრივია, ირანის შეიარაღებული ძალების, განსაკუთრებით კი „გუშაგთა კორპუსის“ მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს. სწორედ ამიტომ, „გუშაგებმა“ უცხოურ ტანკერებზე შეტევები განაახლეს.
ომის დაწყებამდე, ანუ 28 თებერვლამდე ჰორმუზის სრუტეში დღეში 125 მსხვილი სავაჭრო გემი (ტანკერი) გადიოდა, რაც ნავთობისა და თხევადი გაზის მსოფლიო ვაჭრობის 20%-ს შეადგენდა. ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ კი „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტი ესაუბრა ირანის რიგით მოქალაქეებს, ჩინოვნიკებს, სამღვდელოების წარმომადგენლებს და ანალიტიკოსებს.
ისინი ჰყვებოდნენ ქვეყანაზე, რომელიც ეკონომიკური ბლოკადის ქვეშაა... ეროვნული ვალუტის - რიალის კურსზე, რომელიც რეკორდულად დაბალ დონეზეა... ადამიანებზე, რომლებიც უკანასკნელ რიალებს ხარჯავენ, რომ შიმშილით არ დაიხოცონ... მცირე კომპანიებზე, რომლებიც გაკოტრდნენ მყიდველის არარსებობის გამო... აფთიაქებზე, რომლებშიც კოდეინის აბებიც კი აღარ აქვთ... გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომლებიც ქვეყანაში აღარ არის.
ისინი ჰყვებოდნენ სასოწარკვეთილებამდე მისულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მომავალი წაართვეს, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ და რომელთა უპირველესი ოცნებაა ომის დასრულება.
დაძაბულობა თვით ისლამური რესპუბლიკის გენერალიტეტსა და სამღვდელოებაშიც იგრძნობა. ისინი შიშობენ, რომ მთავრობის მომხრეები, რომლებიც ყოველდღიურად ქუჩაში დგანან და ხალხს ამერიკაზე შურისძიებისაკენ მოუწოდებენ, შეიძლება სისტემას კრახისაკენ უბიძგონ - ირანი მეტს ვეღარ გაუძლებს, თანაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას უზენაესი ლიდერი პრაქტიკულად არ ჰყავს - მოჯთაბა ჰამენეი ჰორიზონტიდან საერთოდ გაქრა.
და მაინც, ქვეყნის ხელმძღვანელობა, შექმნილი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, აცხადებს, რომ ირანმა ამერიკაზე გაიმარჯვა. გაეროში გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქვეყანა ომიდან ამაყად თავაწეული გამოვიდა“. „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურებმა აშშ-ის მარცხი დაადასტურეს. მთავრობამ ასეულ ათასობით ახალგაზრდის არმიაში მობილიზაცია გამოაცხადა და ამით აჩვენა, რომ ირანელი ხალხი შეუდრეკელია, ირანის მოქალაქეები ამერიკას და ისრაელს არ დაემონებიან.
ინტერვიუებისა და საუბრების დროს გაირკვა, რომ დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანი მუხლებზე ვერ დააჩოქა, ახლა უფრო ხანგრძლივ თამაშს თამაშობს - ამკაცრებს საზღვაო-ეკონომიკურ ბლოკადას, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულს, რომ ხელისუფლებას ძირი შიგნიდან გამოეთხაროს.
თეირანში 36 წლის რეზას პატარა ინტერნეტ-მაღაზია ჰქონდა და მანამ მუშაობდა, სანამ დაკვეთები არ შეწყდა. „კვირეები ისე გადიოდა, რომ ვერაფერს ვერ ვყიდდი. ომის დროს ინტერნეტი გაითიშა და ვფიქრობდი, როცა ომი შეწყდებოდა, სიტუაცია გაუმჯობესდებოდა, მაგრამ უარესი მოხდა - ადამიანებს ფული აღარ აქვთ, რომ რაიმე იყიდონ, ყველგან უმუშევრობაა“.
რადგანაც რეზას ფული არ ჰქონდა გადანახული, მან თავისი მაღაზია დახურა და ახლა ნათესავის მაღაზიაში მუშაობს, თუმცა არც იქ არის კარგი ვითარება.
38 წლის ჯალალი, რომელიც ქალაქ კარაჯში, თეირანიდან დასავლეთით, ტაქსისტად მუშაობს, გადაწყვიტა შირაზში წასულიყო, მშობლებთან და ნათესავებთან ახლოს, მაგრამ ვერ მიდის: „ბარგის წასაღებად სატვირთო ავტომანქანის დაქირავება მჭირდება, რაც ადრე 10 მილიონი თუმანი ღირდა, ახლა კი 35 მილიონი თუმანი - დიზელის საწვავი დეფიციტშია და მძღოლებიც ფანტასტიკურ ფასებს აწესებენ. ღმერთს მადლობა უნდა შესწიროთ, რომ ავად არ გახდეთ და წამალი არ დაგჭირდეთ. მე ათი აფთიაქი შემოვიარე კოდეინის ძებნაში. გრიპის ვაქცინასაც კი ვერ იპოვი“.
სასოწარკვეთილებაში ყველაზე მეტად ახალგაზრდები არიან ჩავარდნილნი.
29 წლის თარანე, თეირანელი სტუდენტი ქალიშვილი, ამბობს, რომ „ცხოვრება ყოველდღიურად სულ უფრო გაუსაძლისი ხდება“. იგი აღიარებს, რომ გარკვეული თავისუფლება ქალებს უკვე აქვთ - მკაცრი წესები შერბილდა, ვთქვათ ჩაცმულობის თვალსაზრისით, მაგრამ „როცა მეგობრებთან ყავის დალევის ფული არ გაქვს, ამ ფონზე ყველაფერი ფერმკრთალდება... ხშირად ვფიქრობ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“.
ბეჰნაზი, ისპაანელი 18 წლის მოსწავლე, საომარ სიტუაციას მეტ-ნაკლებად შეეგუა: „მე არავის მხარეზე არ ვარ. უბრალოდ, ვფიქრობ ჩემს მომავალზე, რომელსაც ყოველდღიურად მართმევენ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენი მდგომარეობა არავის აინტერესებს. პოლიტიკაში „გავიჭედეთ“.
ის აზრი, რომ ხალხი ბრძოლის ველად იქცა, ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც განიხილება.
„დეილი ტელეგრაფისათვის“ მიცემულ ანონიმურ ინტერვიუებში გენერლებმა და რელიგიის მსახურებმა აღიარეს, რომ შიშობენ - ვაითუ იმ ადამიანების ყოველდღიურმა მიტინგებმა, რომლებიც ფანატიკურად შეურიგებლები არიან აშშ-ის მიმართ და ომის გაგრძელება სურთ, მოსახლეობაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს და სისტემა კრახამდე მიიყვანოს. ზოგიერთები ამ საფრთხეს „ზემოთ“ უკვე აცნობიერებენ.
ყოველ საღამოს ისლამური რესპუბლიკის მომხრეები ქალაქის მოედნებზე იკრიბებიან და აშშ-ზე (ისრაელზე) შურისძიებას სკანდირებენ და ფიცს დებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. მიტინგებზე გამოხატული მრისხანება უკვე შიგნით არის მიმართული - დემონსტრანტები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი გარიგების დადება ვაშინგტონთან ომის შეწყვეტის მიზნით განხილული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ჯან-ფადას“ („მზადყოფნა მხვერპლად შეწირვისათვის“) მიერ ორგანიზებული ღამის მიტინგები უკომპრომისო ანტიამერიკული და ანტიისრაელური ძალის დემონსტრირება გახდა იმ დროს, როცა მოსახლეობას შიმშილი ემუქრება, ხოლო თეირანელ დიპლომატებს აფრთხილებს - კომპრომისის ფასი შეიძლება მაღალი იყოს.
ინტერვიუების დროს ირანელი ოფიციალური პირები, რომლებიც „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტს ხვდებოდნენ, კერძო საუბრებში აღიარებდნენ, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკება აუცილებელია. ანონიმური საუბრების დროს მათ შეშფოთება გამოხატეს შექმნილი სიტუაციის გამო (ამის თქმას საჯაროდ ერიდებიან), რომ შესაძლოა ირანმა აშშ-ის გარედან ზეწოლას და შიდა დაძაბულობის ზრდას ვეღარ გაუძლოს, მით უმეტეს, რომ ქვეყნის უზენაესი ლიდერი მოსახლეობისათვის უჩინარი რჩება.
„აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი ახლა უფრო ხანგრძლივ თამაშს თამაშობს. როგორც ჩანს, იგი ელოდება, რომ ირანის ხელისუფლების გამძლეობა რაღაც წერტილს როცა მიაღწევს, იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს“, - თქვა ერთ-ერთმა თეირანელმა ანალიტიკოსმა, - „ამასთან, ვფიქრობ, მოლოდინი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს - იმიტომ, რომ შიიტური იდეოლოგია წინააღმდეგობის გაწევას ეფუძნება. თუმცა როცა ხალხს შიმშილის საფრთხე ემუქრება და ბევრი უკვე მშიერია, ეს სულ სხვა სიტუაციაა“.
ანალიტიკოსებს შორის დისკუსია მიმდინარეობს - ეკონომიკური ბლოკადა ომის ალტერნატივაა თუ მხოლოდ მის პრელიუდიას წარმოადგენს.
როგორც სადეღ მალიქი, ყოფილი დიპლომატი ამბობს, ამ ორი ცნების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გაყოფა შეუძლებელია. „ჩვენ არასტაბილურ სიტუაციაში ვიმყოფებით, როცა ომიც და მშვიდობაც ერთნაირად ახლოსაა. ამერიკამ ომში წარმატებას ვერ მიაღწია, რომ მიეღო ის, რაც სურდა. ახლა სურვილის შესრულებას ბლოკადით ცდილობს და ფსონს იმაზე დებს, რომ ეკონომიკური სიძნელეები და ცხოვრების გაძვირება ირანული საზოგადოების მდგრადობას ძირს გამოუთხრის. არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ იმის გაცნობიერებამდე, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადება და სიტუაციის ნორმალიზება აუცილებელია“, - ასკვნის იგი.
ალი ბიგდელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პრიორიტეტს ამ ეტაპზე ეკონომიკური ბლოკადა წარმოადგენს და არა ახალი ომის დაწყება. „აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესის შუალედური არჩევნების (3 ნოემბერი) წინ თავს უფლებას არ მისცემს, რომ ომი განაახლოს - იმიტომ, რომ მისი პოპულარობა ეცემა, საწვავზე ფასები კი მატულობს, რაც დონალდ ტრამპისთვის რეალურ პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს და ძვირად შეიძლება დაუჯდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა კონფლიქტმა ვაშინგტონს საბოლოო გამარჯვება ვერ მოუტანა“.
ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ მტრისადმი დანებებას ვერავინ და ვერაფერი ვერ აიძულებთ. გასულ კვირაში, 9 ოქტომბერს, თურქმენეთში გამართული დსთ-ის სამიტზე გამოსვლისას (სპეციალური სტუმრის სტატუსით), ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა თავის ქვეყანას უალტერნატივო და შეუცვლელი სატრანსპორტო დერეფანი უწოდა, რომელიც ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვის ნავსადგურის ჩაბახარის მეშვეობით, სპარსეთის ყურესთან აკავშირებს. მან განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზიანს აყენებს მთელი რეგიონის ვაჭრობას და ენერგეტიკას.
„მოლაპარაკება ძალის გამოყენების მუქარით მოლაპარაკება არ არის, ეს იძულებაა“, - ხაზი გაუსვა მასუდ ფეზეშქიანმა.
მაგრამ ადგილებზე სიტუაცია რთულდება იმით, რომ ირანულ სატვირთო მანქანების კოლონებს სასაზღვრო პუნქტებზე დიდი ლოდინი უწევთ და საქონლის ხმელეთზე გადაზიდვა პრობლემატური ხდება.
მოცემული მომენტისათვის „გრძელვადიანი თამაში“ იზომება არა ტერიტორიით, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოთხოვნებით.
აქბარი, ლითონის დამუშავების ოსტატი, ამბობს, რომ მისთვის უხერხული იყო მეგობრის ქორწილში წასვლა, რადგანაც საჩუქრის ყიდვა ვერ შეძლო. მისი თქმით, „ქუჩებში გაღიმებულ ადამიანს ვერ იპოვი, ყველა ცუდ ცხოვრებაზე ჩივის, მაგრამ არავინ ხმამაღლა არ ამბობს, სად არის გამოსავალი“.



