სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მისი თქმით, არცერთ ციხეში ბუნტი არ ყოფილა და საპატიმრო დაწესებულებებში დაცულია ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.
„რატომ ვადარებთ 2012 წელს წელს? ბევრს არ მოგწონთ, რით ვერ დავივიწყეთ ამდენი ხანიო. რაღაც მოქმედებების გამო მოხდა თემის აქტუალიზაცია, რომ თითქოს დღესაც იგივე სიტუაციაა ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც იყო 2012 წლამდე. თითქოს გრძელდება არასათანადო მოპყრობა, წამება, გაუპატიურება და ასე შემდეგ. ამის შექმნის მცდელობა იყო. სავარაუდოდ, ამას ორგანიზატორიც ჰყავდა. მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, მაგრამ ეს ჩანს. შემიძლია ამის პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. ამ ყველაფრის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ, რომლებზეც დღეს ვამბობთ, დავივიწყოთ და აღარ გვჭირდება ამაზე საუბარიო. სწორედ ის ძალები ცდილობენ დღეს ციხეში სიტუაციის არევას, შემდგომ ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად, რომლებიც იმ სისტემას ქმნიდნენ, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, სტაბილური სიტუაციაა, მართვას ექვემდებარება ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია ციხეებში, დაცულია ადამიანის უფლებები, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება და ის, რომ ვერავინ შეძლოს ცრუ ნარატივებით ქვეყანაში არეულობის გამოწვევა", - განაცხადა პაატა სალიამ.


