საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა. ჩვენ ძალიან გვსურს, კვლავ ჩავერთოთ ქართულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, თუმცა ამისთვის მათ უნდა გადადგან ნაბიჯები, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლუქსემბურგში განაცხადა.
მარტა კოსის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიღებული არაერთი კანონით, წინსვლის ნაცვლად, უკან იხევს.
„ვიდრე ისინი წინ არ მიდიან, მიღებული მრავალი კანონით უკან იხევენ. ამიტომ ვიდრე ისინი ევროპული ღირებულებებისკენ არ მოძრაობენ, ჩვენ მათთან ურთიერთობას არ ვაღრმავებთ. თუმცა საქართველოს ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. არაერთ სფეროში ვეხმარებით და მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო მხოლოდ ქაღალდზე კი არა, რეალურადაც ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ ამისთვის ორივე მხარეა საჭირო", - განაცხადა მარტა კოსმა.



