პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები" არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებებია.
პაპუაშვილის თქმით, დონალდ ტრამპისა და დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებები მკაფიოდ ადასტურებს, რომ აშშ-ის ბიუჯეტისა და USAID-ის ფული სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად იხარჯებოდა.
"თავად ეს ფაქტიც, რომ ჩვენ NGO-ს სახეებს ვხედავთ პოლიტიკაში, მე მგონი, თავისთავად მეტყველებს იმ ზრუნვაზე, რომელიც დიდი ხანია სინამდვილეში არსებობს NGO-სა და პოლიტიკას შორის. ასე რომ, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი, ეს ორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებაა და რეალობაში ეს არაერთხელ ვნახეთ საქართველოში.
რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს პოსტ-NGO ეპოქა, მოგიტანთ ციტატას დონალდ ტრამპის შვილის მხრიდან, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ, 5 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გააზიარა ლათინურ ამერიკაში არჩევნების მონაცემები. დაწერა, რომ - მას შემდეგ, რაც USAID-ი გავანადგურეთ, ლათინურ ამერიკაში მემარცხენეებს არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მოუგიათ. გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯებოდა NGO-ებზე, ე.წ. დემოკრატიის პროგრამებზე და აქტივისტების ქსელებზე, ისინი ამას დახმარებას ეძახდნენ, თუმცა სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო.
თემა ეხება იმას, რომ ლათინურ ამერიკაში ბოლო რამდენიმე არჩევნებში, მას შემდეგ, რაც როგორც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, USAID-ი დაიხურა და ფინანსური წყაროები შეწყდა, უცნაურად ხდება ისე, რომ ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და მემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში.
როდესაც ამას დონალდ ტრამპის შვილი ამბობს და არანაკლებს ამბობს დონალდ ტრამპ უმცროსის მამაც, რომელმაც USAID-ი სწორედ ამ მიზეზით გააუქმა, მგონი, ამაზე ავტორიტეტული დახასიათება იმისა, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე უცხოური დაფინანსების სახით, რთულია წარმოიდგინო.
არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს ბოლო-ბოლო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც - რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები."



