„ტეტჩერი ისე გვჭირდება როგორც არასდროს: დღეს დიდი ბრიტანეთისთვის ზედმეტი არ იქნებოდა „რკინის ლედის“ ურყევი სიმტკიცის მცირე დოზა მაინც“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატია, რომლის ავტორი, ჟურნალისტი სელია უოლდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის საქმიანობას ეხება და განმარტავს, რატომ იყო იგი პოპულარული. როგორც ცნობილია, კონსერვატორ ექს-პრემიერს ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი ლეიბორისტების მომხრეები საკმაოდ ირონიულად მოიხსენიებენ ხოლმე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ამბობენ, რომ მარგარეტ ტეტჩერი ეკონომიკის ზრდაზე ზრუნავდაო, მართლაც ასეა?", - ეს რეპლიკა „სქაი ნიუსის" ექსპერტისგან მოვისმინე, როცა სახლს ვალაგებდი. მე შემაძრწუნა არა იმდენად თვითონ ფრაზამ და მისმა აზრმა (რაც სადაო არ არის), რამდენადაც თვითონ ნათქვამის ირონიულმა ტონმა - თითქოსდა შემთხვევით იყო წარმოთქმული, სასხვათაშორისოდ. ისე გამოვიდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ყოველი პოლიტიკური დაპირების ერთგვარ ფუნდამენტს წარმოადგენს, თითქოს მისი რაღაც აკვიატება თუ ახირება იყო (ისე როგორც, ვთქვათ, მისი ცნობილი ვარცხნილობა და ხელჩანთა).
დიახ, მარგარეტ ტეტჩერი ნამდვილად ზრუნავდა საზოგადოების განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებაზე, დასაქმების დონის მატებაზე და ბიზნესში ინვესტიციების ჩადებაზე. იგი ზრუნავდა სოციალური კონფლიქტების შემცირებაზე და ბრიტანეთის გლობალური გავლენის გაფართოებაზე. და ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ გვჭირდება იგი მისი სიკვდილიდან 13 წლის შემდეგ - ისე როგორც არასდროს.
ბირმინჰემის საერთაშორისო კონფერენც-ცენტრში მარგარეტ ტეტჩერის ყოფნა ნამდვილად იგრძნობა „სულიერადაც" და „აჩრდილის" სახითაც. კონსერვატიული პარტიის სუვენირების მაღაზიაში წარმოდგენილია საქონლის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ტეტჩერის ჩარჩოში ჩასმული პორტრეტები, ვისკი „ტეტჩერი", სასმელი წყალი ბოთლებში წარწერებით „მეგი" და „თუნდაც გეწყინოთ" (რომელიც მიანიშნებს ტეტჩერის ფრაზაზე, რომ იგი კურსს არ შეცვლის) და სამკერდზე ნიშნები „პატარა რკინის ლედი". პარტიის თითქმის ყველა ღონისძიებაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს - კონსერვატორ მარგარეტ ტეტჩერს - აუცილებლად იხსენებენ ხოლმე.
თუმცა ასე ყოველთვის არ იყო. ათი წლის წინათ ზოგიერთ კონსერვატორულ წრეებშიც კი „მოდურად" არ ითვლებოდა მასზე ლაპარაკი როგორც ბუმბერაზ პოლიტიკოსზე, პოლიტიკურ კოლოსზე, რომელიც დიდ ბრიტანეთს ძველ დიდებას დაუბრუნებდა. ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ სულ რაღაც სამი წლის წინათ ლონდონის „ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმმა" (V&A) თავაზიანად თქვა უარი მარგარეტ ტეტჩერის ტანსაცმელზე, რომლის შეწირვა მუზეუმისადმი ექს-პრემიერ-მინისტრის დიდმა თაყვანისმცემელმა სერ პიტერ ვუდმა განიზრახა. V&A-ის თანამშრომლების თქმით, გადაწყვეტილების მიღება მათ გაუჭირდათ.
დღეს კი მარგარეტ ტეტჩერზე სევდას და ნოსტალგიას ბევრი ღიად გამოხატავს და არამარტო მემარჯვენეები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყოფილმა პრემიერმა სამუდამოდ განიმტკიცა თავისი სახე როგორც ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე „მატრიარქმა", „ქაოსის აბსოლუტურმა კორექტორმა", რომელიც ყველაფერს წყვეტდა. ალბათ, მალე ბრიტანელები ყოველთვის ამოიოხრებენ სიტყვებით - „მეგის ეცოდინებოდა, დღეს როგორ მოიქცეს და რა როგორ უნდა გააკეთოს".
მამაჩემის ჯორჯ უოლდენის თქმით (იგი მარგარეტ ტეტჩერის კაბინეტის წევრი იყო, უმაღლესი განათლების მინისტრის პოსტზე 1985-1987 წლებში), პრემიერ-მინისტრმა ყოველთვის იცოდა, რაც სურდა. როდესაც ჩვენ იმ წლებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, როცა ისინი ერთად მუშაობდნენ, მამა მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ტეტჩერი გამოჩენილი პიროვნებაა არა მარტო რეტროსპექტივით (დღევანდელი გადასახედიდან), არამედ თავისი მოღვაწეობის დროსაც: „მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ იგი ურყევი და უყოყმანო ადამიანი იყო. აბა, მითხარი, დღეს რამდენ ლიდერზე იტყვი იგივეს?".
„ტეტჩერს ირგვლივ სანდო და პატიოსანი ადამიანები ჰყავდა შემოკრებილი - ჯეფრი ჰოუ [პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი], ნორმან ტებიტი [ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი], პიტერ ქერინგტონი [მეორე საგარეო საქმეთა მინისტრი]... მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტ ტეტჩერი ოფიციალურად საკმაოდ ხისტად ექცეოდა ყველა თავის მინისტრს, არაოფიციალურად იგი საოცრად თბილი და კეთილი ქალბატონი იყო, თანამშრომლებს ძალიან უყვარდათ. პრემიერი მათ პატივს სცემდა და საუბრისას არასდროს ხმას არ იმაღლებდა".
მაგრამ მარგარეტ ტეტჩერის ყველაზე მეტად გამორჩეული თვისება, მამაჩემის თქმით, გამოხატებოდა იმაში, რომ „იგი არასოდეს არ ისწრაფვოდა პოპულარობისაკენ. და სწორედ ამიტომ იყო პოპულარული".



