ბრიტანული ყოველდღიური გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ორი ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი ბრეჟნევის შეცდომას იმეორებს (ავტორი - კონ კოფლინი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის გადაწყვეტილებები სამხედრო ხარჯების გაზრდის თაობაზე. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თავისი საბჭოთა წინამორბედების მსგავსად, რუსული სახელმწიფო დაშლამდე მიჰყავს“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული მასალაში.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


კრემლის გეგმები თავდაცვის ხარჯების მატების თაობაზე, რომლებიც ასევე გაზრდილი გადასახადებით დაფინანსდება, ადასტურებს დასავლელი ლიდერების შეშფოთებულ დამოკიდებულებას ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნების მიმართ - მოახდინოს უფრო ფართო კონფლიქტის პროვოცირება ნატოს ალიანსთან.


მას შემდეგ, რაც გასულ წელს ნატოს გენმდივანი მარკ რუტე საგანგაშო განცხადებით გამოვიდა - რუსეთმა შეიძლება უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუტიოსო, გაჩნდა მრავალრიცხოვანი გაფრთხილებები და პროგნოზები, რომელთა თანახმად, რუსული აგრესია ამა თუ იმ ფორმით შესაძლოა უფრო ადრეც მოხდეს. (...)


ნატოს მიმართ ვლადიმერ პუტინის განზრახვები იმდენად შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა კრემლის გასაფრთხილებლად იმ რისკების გამო, რომლებიც რუსეთის წინაშე დადგება, თუ მოსკოვი მართლაც მოაწყობს პროვოკაციას ნატოს წინააღმდეგ.


ცნობები, რომ რუსეთი 2027 წლისათვის სამხედრო ხარჯების 27%-იან ზრდას გეგმავს, ადასტურებს თვალსაზრისს იმაზე, რომ უკრაინის ომში წარუმატებლობის მიუხედავად, რუს ლიდერსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უფრო ფართო ევროპული ომის პროვოცირების სურვილი.


მაგრამ პუტინის აგრესია თვითონ რუსეთსაც სულ უფრო ძვირი უჯდება. სამხედრო ხარჯების ზრდა 154 მილიარდი გირვანქა სტერლინგით (ანუ 203 მილიარდი დოლარით) მომავალ წელს - ეს არის ორჯერ მეტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტზე და მოიცავს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7%-ს. რასაკვირველია, ასეთი მატება ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისათვის პრობლემებს გაამრავლებს - ისინი ხომ ომის ფასს პირადად იხდიან.


ხარჯების ზრდა იმასაც ნიშნავს, რომ კრემლის ბიუჯეტის 35% კონფლიქტს ხმარდება, რომელიც, როგორც ვლადიმერ პუტინს ეგონა, სულ რაღაც რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა - ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 4 წელზე მეტია გრძელდება და ბოლო არ უჩანს. (...)


რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითი პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა: დასავლური სანქციები თავის ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ციმბირული ნავთობისა და გაზის ექსპორტი განუხრელად მცირდება - 2027 წლისათვის ევროპა, პირველად 1970-იანი წლების დასაწყისიდან, რუსული ენერგორესურსების გასაღების ბაზარი აღარ იქნება. თვითონ ნავთობით უმდიდრეს რუსეთში, უკრაინული დრონების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო, საწვავის მწვავე ნაკლებობა იგრძნობა და ქვეყანა ბენზინზე და დიზელზე მოთხოვნილებას იმპორტით იკმაყოფილებს.


შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება - კიდევ უფრო მეტი რესურსი დახარჯოს ომის გასაგრძელებლად - კრემლის ისეთ ავანტიურად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც დესპოტურ რეჟიმს საბოლოოდ კრახამდე მიიყვანს. (...)


საბჭოთა კავშირმა თავისი სამხედრო ხარჯების მკვეთრი გადიდება 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს და შემდგომ პერიოდში პერმანენტულად მატულობდა, განსაკუთრებით მოსკოვის ავღანური ავანტიურის დროს - 1979-1989 წლებში. სხვათა შორის, ავღანეთში ჯარების შეყვანით გამოწვეული ხარჯები იყო ერთ-ერთი ის ძირითადი მიზეზი, რომელმაც საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლა გამოიწვია: გარდა სერიოზული ეკონომიკური დისპროპორციისა, რომელიც ფართო მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტში გამოიხატა, ავღანეთის ავანტიურამ ასევე აჩვენა საბჭოური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დიდი არაეფექტურობა. უკრაინის ომიც კრემლს ისევე ძვირად უჯდება, როგორც საბჭოეთს ავღანეთის ომი. (...)


სრულიად შესაძლებელია, რომ ვლადიმერ პუტინი კარგად აცნობიერებს რუსეთის სისუსტეებს, მაგრამ დონალდ ტრამპს აჩვენებს, რომ უკან არ დაიხევს, თუ ომი კრემლის პირობებით არ დასრულდება. იმეორებს რა იგივე შეცდომებს, რომელიც საბჭოთა ლიდერებმა დაუშვეს თავის დროზე, როცა სამხედრო ხარჯების მკვეთრი გადიდება გადაწყვიტეს, რუსეთის ლიდერი, საბოლოო ჯამში, დიდი რისკია იგივე ბედის წინაშე აღმოჩნდეს და იგივე სიტუაციაში ჩავარდეს, როგორშიც მისი საბჭოთა წინაპრები აღმოჩნდნენ.


წყარო: