„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხება „პოლიტიკური მიწისძვრა“ არ იქნება: დემოკრატები, სავარაუდოდ, კონგრესში წარმატებას მიაღწევენ, თუმცა „მთავრობის დანაწევრება“ ნაკლებად სავარაუდოა“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსის” (Financial Times) 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი ედვარდ ლიუსი აშშ-ის კონგრესის მოახლოებული შუალედური არჩევნების წინა მდგომარეობის ანალიზს და პროგნოზს აკეთებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკა თავისი პოლიტიკური ციკლის იმ ეტაპზეა, როდესაც ისეთი ფრაზებით ლაპარაკი, როგორიცაა „დღეს აღმავლობის მოწმენი ვართ“ ან პირიქით - „ყველაფერი ინგრევა“, საზოგადოებას ისტორიული მასშტაბის ტალღებით შთანთქმას უქადის. რა თქმა უნდა, ზოგადად ყველა მიესალმება დემოკრატიული არჩევნების შედეგად მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ არ არსებობს მკაფიო საერთო პოზიცია იმაზე, თუ რისი მანიშნებელი იქნება მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხება. ამჟამინდელი არჩევნები, თავისი ხასიათითა და გარემოებებით, ძალიან განსხვავდება ტიპიური შუალედური არჩევნებისაგან, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროინდელის ჩათვლით. მდგომარეობა ისეთი ცვალებადია, რომ მის გამოსახატავად ჩვენი პოლიტიკური ლექსიკონის სიტყვების მარაგი შევსებას ვერ ასწრებს.
კონგრესზე კონტროლის დაკარგვა, ანუ „გაყოფილ მმართველობაზე“ გადასვლა, ადრე იმას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტისათვის სამანევრო სივრცე დაახლოებით ორჯერ მცირდებოდა. ბილ კლინტონი 1994 წლის შემდეგ, ჯორჯ ბუშ-უმცროსი 2006 წლის და ბარაკ ობამა 2010 წლის შემდგომ პერიოდებში ცდილობდნენ მეტოქე პარტიებთან რაიმე დაბალანსენული კომპრომისი მოეძებნათ. გამონაკლისი იყო დონალდ ტრამპი 2018 წელს, რომელიც დემოკრატებთან არანაირ დათმობაზე არ წავიდა. ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო, რაც პრეზიდენტმა არ ინება. შედეგმაც არ დააყოვნა: სწორედ იმ დროიდან დაიწყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო სისტემის როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენების ეპოქა.
შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ დონალდ ტრამპს სულ არ ადარდებს კონგრესში რესპუბლიკელების კონტროლის დაკარგვაო - იგი ხომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ისე უყურებს, როგორც [რუსეთის პრეზიდენტი] სახელმწიფო სათათბიროს. დონალდ ტრამპისათვის წვრილმანი და უმნიშვნელოა ის ტენდენციაც, რომ რესპუბლიკელები საკმაოდ ხშირად მხარს უჭერენ დემოკრატების სურვილებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების დაბლოკვის მიზნით.
უკიდურესი ჰიპოთეზაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატები ერთიანი ფრონტით გამოვლენ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გაურკვეველია, თუ რის გაკეთებას შეძლებენ პრეზიდენტის შესაჩერებლად (თუმცა ფიცს სდებენ, რომ მუქარას შეასრულებენ). სინამდვილეში დონალდ ტრამპს შეუძლია დემოკრატები ჩიხში მიიმწყვდიოს (გაანეიტრალოს): გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის ყველაზე დრამატული გადაწყვეტილებები ეკონომიკისა და სამხედრო სფეროებში - სატარიფო და სამხედრო ომები - სწორედ კონგრესის (კაპიტოლიუმის) გვერდის ავლით იქნა მიღებული. ბოლოსდაბოლოს, ტრამპს როგორც პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონს, რომელიც მისთვის ხელის შემშლელი იქნება. იმპიჩმენტი? ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ დღეს სენატის წევრთა ორი მესამედი პრეზიდენტს წინ აღუდგება - ეს ისეთივე დონკიხოტობა იქნება, როგორც ადრინდელი ორგზის წარუმატებელი უტოპიური მცდელობა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს.
რაც შეეხება ამერიკული საზოგადოების განწყობას: დიახ, საზოგადოება ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. რეიტინგები მოწმობენ, რომ სიტუაცია 2018 წელზე უარესია, როცა რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს და შეიძლება ითქვას, „განადგურდნენ“. დღეს სიტუაცია უფრო უარესია, ვიდრე ნებისმიერ პრეზიდენტს ჰქონდა, რიჩარდ ნიქსონის გამოკლებით, როცა იგი და მისი პარტია „უოთერგეითის საქმის“ გამო ჩაიძირნენ.
ადარდებს თუ არა ეს ყველაფერი დონალდ ტრამპს? ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი ამას „თითებს შორის უყურებს“, მისი წინასაარჩევნო დაპირებაა: დონალდ ტრამპი თითოეულ ამერიკელ ამომრჩეველს 5 ათასი დოლარის გადახდას დაპირდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თანაც რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში. ზოგადად, ყოველი შუალედური არჩევნები ამომრჩეველთა მიერ ხელისუფლების საქმიანობის შეფასებას ნიშნავს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით კი პირიქით - ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის მოქმედების შეფასება ხდება: „ხმას თუ მომცემთ, პრემიას მოგცემთ“.
საღ აზრს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიდგომაც ანტირანული ოპერაცია „ეპიკური მრისხანებისადმი“: დონალდ ტრამპს განზრახული აქვს, რომ ირანი აიძულოს მოლაპარაკების მაგიდას სამი ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ მიუჯდეს. ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი შეეცდებოდა, რომ ომი არჩევნებამდე დაემთავრებინა - ხალხს ეფიქრა, რომ ბრძენი ლიდერი ჰყავს.
მაშ, რაზე ზრუნავს პრეზიდენტი?
როგორც ჩანს, საკუთარი თავისთვის ძეგლების დადგმის გარდა („ტრიუმფალური თაღის“ ჩათვლით), იგი ზრუნავს იმაზე, რომ საფრთხე არ დაემუქროს არც თვითონ მას, არც მის ოჯახს და არც მის ფულს კანონის მხრიდან... და, უეჭველია, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვოს. მას ამისთვის აბსოლუტურად ლოიალურად განწყობილი ადამიანები ჭირდება [ბიზნესის სფეროში]. სხვათა შორის, სწორედ ეს თქვა პიტერ ტილმა, პრეზიდენტის ძველმა მხარდამჭერმა „სილიციუმის ველიდან“: „დონალდ ტრამპს გვერდით ძალიან ჭკვიანი ადამიანები არა, მაგრამ ძალიან ერთგული ადამიანები ჰყავსო“. ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, კონგრესის შუალედური არჩევნების მათთვის ნეგატიურ შედეგებს - ანუ დემოკრატების წარმატებას - გადაიტანს, სხვებს კი შეეძლებათ შეწყალების იმედი ჰქონდეთ, თუმცა რეალურად მაინც ტრამპისადმი ერთგულები დარჩებიან.
დონალდ ტრამპის მიერ 2024 წლიდან პროპაგანდირებული ე.წ. „რეორგანიზაციის“ პროცესი (ძალთა გადაჯგუფების მიზნით) უკვე მინელდა, რაც არჩევითი თანამდებობების მქონე რესპუბლიკელებისათვის საგანგაშო ზარი უნდა იყოს. ახალგაზრდებმა და ფერადკანიანმა ამომრჩევლებმა პარტიის მიმართ ზურგშექცევა მასობრივად დაიწყეს. არჩევნების შემდეგ მთავარი ამბები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია მოსალოდნელი, ვიდრე პენსილვანია-ავენიუს რომელიმე სხვა ადგილზე: არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა გადაწყვეტს, რომ საქმიანობა ისე გააგრძელოს, ვითომც არაფერი მომხდარა, მაგრამ ისინი, ვინც მისი მემკვიდრე სურს გახდეს (მაგალითად, მარკო რუბიო ან ჯეიმს დევიდ ვენსი) ურთულესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან: გააგრზელონ დონალდ ტრამპთან ერთად ყოფნა თუ უპირატესობა საკუთარ ამბიციებს მიანიჭონ?
წყარო:




