აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ (Новое время) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისტორიიდან ტერიტორიულ პრეტენზიებამდე: რატომ აღშფოთდა ბაქო საქართველოს საპატრიარქოს განცხადების გამო“ (ავტორი: ზაურ რასულზადე).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით
აზერბაიჯანის კახის რაიონში (Qax rayonu) მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია უკვე გავიდა ჩვეულებრივი დისკუსიის ჩარჩოებიდან და სხვა ხასიათი შეიძინა. ამას მოწმობს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაჟღერებული განცხადება - თბილისში ამბობენ, რომ ისტორიული ძეგლი ქართული სასულიერო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, კახის რაიონი კი „ისტორიული ჰერეთის“ ნაწილი არისო.
ბაქოში ამგვარი რიტორიკა ტერიტორიული პრეტენზიების შემცველად შეაფასეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის ტრადიციულ კეთილმეზობლურ-პარტნიორულ ურთიერთობას, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული თუ ისტორიული ტოპონიმების სხვაგვარად მოხსენიება დაუშვებელია. ახლა უკვე ლაპარაკი ნამდვილად აღარ მიდის ერთი რომელიმე ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაზე.
თავისთავად ქართული მხარის ინტერესი ქურმუხის ტაძრისადმი სრულიად კანონზომერი და გასაგებია. ტაძარს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებელი მრევლისათვის, ხოლო მისი ისტორია ნამდვილად უკავშირდება რეგიონის მრავალსაუკუნეობრივ რელიგიურ და კულტურულ განვითარებას. ქართულ მხარეს უფლება აქვს დაინტერესდეს მისი მდგომარეობით, მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევებში და შემოგვთავაზოს განსახილველი საკითხები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად. მაგრამ სრულიად სხვაგვარად ჟღერს საპატრიარქოს მოთხოვნა, რომ ასეთი მიზეზით სხვა ქვეყანას პირობები წაუყენოს, თუ როგორ უნდა აწარმოოს [სარესტავრაციო] სამუშაოები..
ქურმუხის ტაძარი აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარეობს, შესაბამისად, ძეგლთა დაცვის, არქეოლოგიური კვლევებისა და სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარება რეგულირდება აზერბაიჯანის კანონმდებლობით და შედის მის სახელმწიფოებრივ იურისდიქციაში.
რასაკვირველია, ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა მსგავს სამუშაოებში სრულიად შეიძლება იყოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის საგანი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მხარეთა შორის საფუძველზე და არა ერთი ქვეყნის (ან რელიგიური სტრუქტურის) მოთხოვნით. სწორედ ამიტომ საპატრიარქოს განცხადების ფორმულირება ფართო პოლიტიკურ აზრს იძენს.
ბაქოსათვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტერმინ „ისტორიული ჰერეთის“ გამოყენება ქართული მხარის მიერ, გახის რაიონთან მიმართებით. ცხადია, ისტორიული დასახელება თავისთავად არ მიშნავს უკანონობას და სრულიად დასაშვებია - ისტორიკოსებს აქვთ უფლება გამოიკვლიონ შუა საუკუნეების გეოგრაფიული დასახელებები, იმ დროს არსებული ქვეყნები, სამთავროები და სხვადასხვა საეკლესიო იურისდიქციები, მაგრამ ისტორიული ტერმინოლოგია პოლიტიკურად მგრძნობიარე მაშინ ხდება, როცა ის თანამედროვე ტერიტორიულ რეალობაში გადმოაქვთ.
სამხრეთ კავკასიაში ასეთი რამ განსაკუთრებით აშკარაა: რეგიონის ისტორია სავსეა საზღვრების ცვლილებებით, სახელმწიფო წარმონაქმნებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციების გადაკვეთებით. თუ შუა საუკუნეებში არსებულ გეოგრაფიულ ცნებებს თანამედროვე პოლიტიკური ინტერპრეტაციებით გამოვიყენებთ, პრაქტიკულად რეგიონის ნებისმიერი ტერიტორია შეიძლება მსგავსი დავების ობიექტად იქცეს.
შეიძლება გავიხსენოთ, მაგალითად, ისტორიული დასახელება „ბორჩალო“ თანამედროვე საქართველოს „ქვემო ქართლის“ მხარესთან მიმართებით.
ქურმუხის ტაძარს აქვს სხვა ისტორიული შრეც - კავკასიური ალბანეთის მემკვიდრეობა. თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ისტორია მხოლოდ ერთი ეროვნული ან საეკლესიო ტრადიციით არ განისაზღვრება. კავკასიის ალბანეთი რეგიონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული წარმონაქმნი იყო, მისი ქრისტიანული მემკვიდრეობა კი რთული ისტორიული პროცესების ნაწილი გახდა, რომლებშიც ერთმანეთს კვეთდნენ სხვადასხვა საეკლესიო და კულტურული ტრადიციები. სწორედ ამიტომ საკითხი, თუ ვის ეკუთვნის კონკრეტული ძეგლის ისტორიული მემკვიდრეობა, არ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ თანამედროვე ეროვნული წარმოდგენებიდან გამომდინარე.
ბაქოს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლები, რომელბიც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობენ, აზერბაიჯანის ეროვნულ მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ცალკე გაისმა მოწოდება საქართველოს საპატრიარქოსადმი, რომ არ გაიმეოროს სომხური ეკლესიის მიდგომები კავკასიის ალბანეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში. სრულიადაც არ არის აუცილებელი ძეგლთან დაკავშირებით არსებული დავა პოლიტიკურ კონფლიქტად გადააქციო.
ისტორიკოსებს შეუძლიათ იდაონ თარიღებზე, არქიტექტურაზე, ამა თუ იმ ძეგლის რომელიმე ეკლესიისადმი კუთვნილებაზე და კულტურულ კონტექტსტზე, მაგრამ სამეცნიერო დისკუსია ავტომატურად არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე ტერიტირიული კუთვნილების საკითხად.
სახელმწიფო საზღვარი არსებობს ისტორიული ძეგლის მდებარეობის მიუხედავად ასწლეულების განმავლობაში ამიტომაც ქურმუხის ტაძართან დაკავშირებული სიტუაცია განსაკუტრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ორივე მხარისაგან. საქარტველოსათვის ის მნიშვნელოვანია როგორც როგორც სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, ხოლო აზერბაიჯანის ქართული თემისათვის - როგორც რელიგიური ძეგლი, აზერბაიჯანის სახელმწიფოსათვის კი ის არის ობიექტი, რომელიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე და შედის მის სახელმწიფოებრივ იურისდიქციაში. ყველა ეს ფაქტი შეიძლება ერთად არსებობდეს, მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როცა კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებების საფუძველი ხდება.
აზერბაიჯანი და საქართველო დაინტერესებულნი არიან კეთილმეზობლური ურთიერტობების შენარჩუნება-განმტკიცებით. ორ ქვეყანას არამარტო საერთო საზღვარი აკავშირებთ, არამედ მასშტაბური ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო თანამშრომლობა, რასაც ერთობლიობაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიისათვის. ამიტომაც ერთი ტაძრის ირგვლივ არსებული დავა პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი არ უნდა გახდეს. თუ ქართული მხარე დაინტერესებულია თავისი ექსპერტების მონაწილეობით, ეს შეიზლება ურთიერთშეთანხმებით მოგვარდეს, მაგრამ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისადმი პატივისცემით.
ბაქომ თავის განცხადებაში მკაფიოდ გამოავლინა ეს პოზიცია - ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. ორივე მეზობელი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. ამიტომაც, რელიგიურ ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს და საზოგადოებრივ სტრუქტურებს თავის შეკავება მართებთ და არ უნდა გადააბიჯონ იმ ზღვარს, რომლის მიღმა ისტორიული ხსოვნა პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცევა.
კავკასიის ისტორია შეუძლებელია ერთი დეკლარაციით გადაიწეროს, მაგრამ თანამედროვე საზღვარიც შეუძლებელია ეჭვის ქვეშ დადგეს შუა საუკუნეების გეოგრაფიის საფუძველზე. ქურმუხის ტაძარი ქართველი ხალხის ისტორიულ ხსოვნის ნაწილად, რა თქმა უნდა, დარჩება, ასევე იქნება ქართული საზოგადოების რელიგიურ ადგილად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს გარემოებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. სწორედ ამ რეალობებნისადმი პატივისცემა უნდა გახდეს შემდგომი დიალოგის საფუძველი. სახელმწიფოებს შორის მეგობრობა იზომება არა მხოლოდ ერთობლივი პროექტებით, ენერგეტიკით და ტრანზიტით, არამედ იზომება მზადყოფნითაც - პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, როცა ჩნდება დავა საერთო ისტორიის რთულ მომენტებზე.








