ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და კიევის რეგიონზე მასირებული იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა.

უკრაინული  მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.

რუსეთი უკრაინის დედაქალაქ რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ ბომბავს. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 3 საათზე კიევში ათზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ ბალისტიკური რაკეტები მიემართებოდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმაც ისმოდა, წერს მედია.

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. კერძოდ, ბუჩის რაიონში დაზიანდა სამი კერძო სახლი, 11 ავტომობილი და ორი საწყობი. ვიშგოროდის რაიონში დაზიანდა ან განადგურდა კერძო სახლები, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობასა და ავტოფარეხებში.

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ინფრასტრუქტურა გახდა, რის გამოც კიევში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემებია.

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონზე თავდასხმა კვლავ გრძელდება.