"დემოკრატიას საფრთხე შიგნიდან ემუქრება" - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ლიდერები, მემარჯვენე პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) აკრძალვის შესაძლებლობის ოფიციალური განხილვის დაწყების ინიციატივით გამოდიან.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეზოლუციაში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე-ექსტრემისტულ პარტიად არის მოხსენიებული.

"ის სისტემატურად უპირისპირდება გერმანიის თავისუფალ საზოგადოებას, ხელს უწყობს რასიზმის ნორმალიზებას და ქვეყნის დემოკრატიული წესრიგის შიგნიდან დასუსტებას ცდილობს" - აღნიშნულია დოკუმენტში. 

SPD-ს ლიდერები მოითხოვენ ფედერალური მთავრობისა და ფედერალური მიწების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც წლის ბოლომდე პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის საკითხის შესწავლისთვის საჭირო პროცედურას მოამზადებს.

"შეფასების პროცედურის მომზადება სამართლებრივი აუცილებლობაა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის დაცვით არის განპირობებული. ამას ჩვენს დემოკრატიულ ვალდებულებად მივიჩნევთ," - აღნიშნავენ ლიდერები.

ინიციატივასთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიული სისტემა შესაძლოა, ქვეყნის შიგნიდანაც დაზიანდეს.