გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხი და რადიოსადგური შესაძლოა, დაიხუროს. როგორც „ბიბისი" წერს, ამის მიზეზი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა და აუდიტორიის ჩვევების ცვლილებაა.
ინფორმაცია „ბიბისის" გენერალურმა დირექტორმა, მეტ ბრიტინიმ დაადასტურა.
მეტ ბრიტინის თქმით, „ბიბისი" 500 მილიონი გირვანქა სტერლინგის დაზოგვას ცდილობს და ის ვერავის დაჰპირდება, რომ რომელიმე პროგრამა ან არხი მუდამ იარსებებს.
მისივე თქმით, „რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება იმაზე ადრე მოუწევს, ვიდრე ამას ისურვებდა".
ბრიტინის განცხადებით, აუდიტორიის ქცევაც სწრაფად იცვლება.
„აუდიტორიის უმეტესობა კონტენტს მოთხოვნისამებრ თუ იღებს, ჩვენ უნდა შევაფასოთ ყველა ამ სხვადასხვა სერვისის ღირებულება და ხარჯები", - განაცხადა ბრიტინიმ.
მისი განმარტებით, „შესაძლოა, „ბიბისის" ჰქონდა არხები და სერვისები, რომელთა გადაცემებს პირდაპირ ეთერში 100 000 ადამიანი უყურებს, მაშინ, როდესაც იმავე პროგრამებს iPlayer-ზე 500 000 მაყურებელი ჰყავს.
„ჩემი ერთ-ერთი მოვალეობაა, უზრუნველვყო, რომ ლიცენზიის საფასურის გადამხდელებმა ფულის სანაცვლოდ შესაბამისი სერვისი მიიღონ", - თქვა „ბიბისის" გენერალურმა დირექტორმა.
მისივე განცხადებით, „ბიბისიმ" აუდიტორიასთან მისასვლელად „სხვადასხვა გზა უნდა გამოიყენოს".
„ჩვენ ჩაკეტილი ვართ წარსულის მოდელში, თუ როგორ მოიხმარენ ადამიანები კონტენტს, მაშინ, როდესაც აუდიტორია უკვე ხვალინდელ სამყაროში ცხოვრობს", - განაცხადა ბრიტინიმ.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში „ბიბისიმ" რამდენიმე გადაცემისა დახურვისა და თანამშრომელთა შემცირების შესახებ განაცხადა. მოსალოდნელია, რომ ხარჯების შემცირების მიზნით, დამატებითი ღონისძიებებიც გატარდება.
კითხვაზე, დაუშვებდა თუ არა „ბიბისის" გენერალური დირექტორი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი და წაყვანილი გადაცემის მომზადებას, ბრიტინმა უპასუხა:
„დავუშვებდი, გარკვეული შეზღუდვების ფარგლებში. გვსურს, ამ ტექნოლოგიაზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ და გავიგოთ, რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა. თუმცა, აქ იმიტომ ვარ, რომ ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობების მჯერა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობის რომელიმე ნაწილი ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა ჩაანაცვლოს. ვფიქრობ, არსებობს ბევრი მიმართულება, სადაც ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება, ლიცენზიის საფასურის რესურსები უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ, ასევე გადაწყვეტილებების მიღებისა და შემოქმედებითი პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. თუმცა, ის ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს", - განაცხადა ბრიტინიმ.
მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება იმ საფრთხის შესახებ, რომელიც მომავალში ინფორმაციის გავრცელებაზე რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის გადაჭარბებულმა კონტროლმა შეიძლება, შექმნას.
„ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება. ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მომავალში ექვსი კომპანია გააკონტროლებს როგორც ინფორმაციაზე წვდომას, ისე ინფორმაციისა და დეზინფორმაციის შექმნას.
ექვსი კომპანია, რომელთაგან არცერთი არ არის ევროპული და, მით უმეტეს, ბრიტანული. ასეთ სამყაროში არსებობს „ბიბისი" - ორგანიზაცია, რომელსაც ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი ყველაზე სანდოდ მიიჩნევს", - განაცხადა „ბიბისის" გენერალურმა დირექტორმა.
კითხვაზე, ენდობა თუ არა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, ბრიტინმა უპასუხა:
„ბევრი პლატფორმა არსებობს, ამიტომ არცერთ პლატფორმას თავისთავად არ ვენდობოდი. ვფიქრობ, საჭიროა მუდმივად ვაკვირდებოდეთ, როგორ მუშაობენ ისინი, რამდენად სწორ ადგილას ხვდება ჩვენი კონტენტი და რამდენად ასრულებს საკუთარ მისიას.
ვფიქრობ, „ბიბისი" და ჩვენი აპლიკაციები და სერვისები ალგორითმების საპირწონე უნდა იყოს. ყველა სხვა პლატფორმა, რომელსაც იყენებთ, გარკვეული კომერციული ინტერესით იმართება", - თქვა „ბიბისის" გენერალურმა დირექტორმა.
ბრიტინი „ბიბისის" გენერალური დირექტორი მაისში გახდა. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში „გუგლის" პრეზიდენტი იყო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.






