მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია, ის სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია – რომან გოცირიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია – ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და უფრო სხვანაირად ვიტყოდი: – ის არის პირველი ყვავი, რომელსაც აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას “სენსაციურს” უწოდებს.

მისივე თქმით, ინფორმაციის მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მათ მოსამართლეს სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში სწორედ საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო.

“მოსამართლის განცხადება პოლიტიკური განცხადებაა, რომლის გაკეთებაც მას “ქართულმა ოცნებამ” დაავალა.

მთავარი განცხადების შინაარსია: – ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის არის სანქცირებული. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს – არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სანქცია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.