საქართველოს პრიორიტეტია 12 პუნქტის რაც შეიძლება მალე შესრულება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა – კარლ ჰარცელი

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელმა უპასუხა მოქალაქეთა შეკითხვას: „რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება? შეუქმნის ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას?“

ელჩის თქმით, ყველამ უნდა იფიქროს, როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.

„ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ – კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ ევროკავშირის წევრობისკენ.

დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული.

საქართველოს პრიორიტეტია ამ 12 პუნქტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.