ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო გამოვლინება და ინდიკატორია ავტორიტარული ქვეყნის, საზოგადოებისა და რეჟიმის – გიგი წერეთელი

მოსმენების ფაქტი, რომელიც გახდა ცნობილი, მკაფიო დადასტურებაა, თუ რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში ამ თვალსაზრისითაც, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ტელევიზიაში მოსმენების ფაილების გავრცელებას.

მისი თქმით, ეს არის ავტორიტარული ქვეყნის, საზოგადოებისა და რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინება.

„საზოგადოებას ახსოვს არასამთავრობო სექტორის, მედიის და მათ შორის, ოპოზიციის ძალიან დიდი ბრძოლა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან კანონის მონოპოლიზება ხდებოდა. მაშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს მოსმენებისთვის ყველანაირ კარს გახსნიდა და ჩვენ ამას ვხედავთ დღეს, რომ არ გავა წელი ასეთი სკანდალი რომ არ იყოს. ვხედავთ უკვე, რომ ჟურნალისტების არა მხოლოდ პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი, არამედ უკვე მათ სამუშაო ოთახებში ჩაწერებზე და ა.შ.

მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ მხარი დაგვიჭირონ ევროინტეგრაციის პროცესში, ხელისუფლება მუდმივად საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო ავტორიტარული ქვეყნის, საზოგადოებისა და რეჟიმის გამოვლინება და ინდიკატორი, როდესაც ხდება ამ მასშტაბის საყოველთაო მოსმენები“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „აი იას“ დამფუძნებელმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გუშინ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ, „მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარია ასახული.