ტრაგიკომედიაა, რომ ვინც ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიცია პარლამენტში მოსვლის მიზეზებს თუ ეძებს, ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო რიგგარეშე სესიის მოწვევა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკომედიაა, რომ ვინც ბოიკოტსა და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას.

„ჩვენ პარლამენტში დავდივართ და სხვადასხვა ჯგუფში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ისეთი საკითხი არ არის, რომელსაც რიგგარეშე სესიის მოწვევა სჭირდება. ტრაგიკომედია სწორედ იმაშია, რომ ვინც ოპოზიციიდან არ დადის, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას, თანაც ისეთ საკითხებზე, რომლის განხილვაშიც თავად ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. რეალურად ოპოზიციამ ასეთი ტრაგიკომედიური სურათი შექმნა. ჯერ მაინტერესებს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას აღიარებენ თუ არა, პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებენ თუ არა. ამ დროს ამბობენ, რომ ჩვენ მივმართავთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს იმისთვის, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც განიხილება ის საკითხები, სადაც ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ასეთი მოთხოვნა აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში თუ ფიზიკურად არ შევიდნენ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე ვერ მუშაობენ, ესეც რადიკალური ოპოზიციის ახალი აღმოჩენაა. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიც ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის განხილული კომიტეტში. თუ საკითხი კომიტეტში განხილული არ არის, ასეთი საკითხი სესიაზე არ განიხილება. რადიკალურმა ოპოზიციამ ხანდახან რეგლამენტიც უნდა წაიკითხოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.