“მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მაგრამ არ მგონია, „ხალხის ძალაში“ არიან ადამიანები, რომლებიც პროგნოზირების რაღაც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

 

მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.

 

„მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ. ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ. მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც პროგნოზირების რაღაც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან.

 

ალბათ ამ შინაარსის განცხადებას შესაშინებლად აკეთებენ, ყველას ერთად აშინებენ. იმ ამერიკელებს უქნევენ თითს ალბათ. აბა, ახლა ჩვენ ვართ პატრონები და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია.

 

რაღა უნდა დაემართოს, მოწამლულია ადამიანი. მოწამლული იმისთვის ხომ არ არის, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ სწორედ იმისთვის მოწამლეს, რომ მოკლან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.