“მაინტერესებს, 900 ათასზე მეტი დოლარი საიდან გადაიხადა სააკაშვილის ოჯახმა”- ალეკო ელისაშვილი

როგორც ერთ მოქალაქეს, მაინტერესებს, 900 ათასზე მეტი დოლარი საიდან გადაიხადა სააკაშვილის ოჯახმა? ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მანამდე ამბობდა, საჭმლის ფული არ გვაქვს, ვალები გვაქვს, კაპიკს კაპიკზე ვაწებებთო და საიდან გადაიხადეს? ანგარიში შექმნეს და ჩაირიცხა თუ საიდან? – ასე ეხმაურება  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თანხებზე როცა მიდის საუბარი, ოპოზიციის მიმართაც უნდა დაისვას კითხვა.

„კითხვას კი არ უნდა გაექცნენ, მკაფიო პასუხი უნდა გასცენ, როგორ გადარიცხეს მილიონი დოლარი, რადგან კორუფცია და შავი ფული ნებისმიერ შემთხვევაში გულის ამრევია. ეს ფული გინდ ოპოზიციაში იყოს, გინდ ხელისუფლებაში. ლობიზმი რაღაც შემთხვევაში მუშაობს, რაღაცაში – ვერა. ამ ლობიზმის მიზანია, სააკაშვილი ციხეში არ იყოს და ის ციხეშია, თუმცა „ქართული ოცნების“ იმიჯი რომ დაზიანდა, ეს ფაქტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.