ლევან ჟორჟოლიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, დღევანდელ სესიაზე, ანგარიშის სახელწოდებით – „ფუნდამენტური უფლება გარემოზე: მსჯელობის საკითხი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“ განხილვისას ლევან ჟორჟოლიანი, დელეგატების წინაშე, იტალიის ქალაქ კასტელ მაჯიორესთან მერთან, ბელინდა გოტარდისთან ერთად თანამომხსენებლად წარსდგა.

 

ანგარიშში განხილულია გარემოს დაცვის პრობლემები საერთაშორისო დონეზე და იგი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებით წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხება. აქვე, გარემოზე უფლება განხილულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გარემოზე უფლება არ არის დეკლარირებული როგორც ფუნდამენტური უფლება ბევრ დეკლარაციასა თუ აქტში, არც ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში. თუმცა არის გამონაკლისები, მაგალითად საქართველო, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით მოხვდა ანგარიშში, როგორც საუკეთესო მაგალითი.

 

„სწორედ საქართველოს ინიციატივით, ორგანიზაციის შიგნით ინტენსიურად დაიწყო მსჯელობა გარემოსდაცვის მიმართულების გაძლიერების შესახებ. შედეგად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახლახანს მიიღო რეკომენდაცია ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის შესახებ, სადაც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, რომ ეროვნული კანონმდებლობის დონეზე წინ წამოწიონ უფლება სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე. კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ყველა დონეზე ხელისუფლების საერთო პასუხისმგებლობაა. ჯანსაღი პლანეტის ხელშეწყობის მიზნით ნაკისრ ვალდებულებებში მუნიციპალიტეტები და რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პარტნიორები არიან“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლევან ჟორჟოლიანმა.

 

მათივე ცნობით, ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რეზოლუციის სახით, იქნა მიღებული კონგრესის სხდომაზე.

 

ამასთან, საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ათეა-ს ვიცე- პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი ოთარ გრიგოლია და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობენ.

 

“გუშინ, სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, კონგრესის ახალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. კენჭისყრის შედეგად, ამ თანამდებობაზე მატეო მორი (საფრანგეთი) აირჩიეს, რომელიც 2014-2020 წლებში ევროპული რეგიონების ასამბლეის (AER) გენერალური მდივანი იყო.

 

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესია 25 ოქტომბერს გაიხსნა, მისი მუშაობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.