კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს – მისი დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს -გია ვოლსკი

კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს – მისი დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არც კუბილიუსი და არც რასა იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი და ევროკავშირი.

“ევროპარლამენტმა მიიღო ზუსტად ის რეზოლუცია, ისეთი ტექსტი, როგორიც მას “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადააწოდა. ყველა ევროპარლამენტარი არ იყო ამ დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული. ბევრი დაარწმუნეს, ბევრი ამ პოზიციას იკავებდა და უნდა მივესალმოთ იმ პოზიციას, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპარლამენტარს გააჩნდა, 218 – მე ევროპარლამენტარმა ამას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიანეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს არის ლიეტუვას ყოფილი თავდაცვის მინისტრი , რომელიც კუბილიუსის პერიოდში იკავებდა ამ პოზიციას. ბევრი თემაა, რომელიც საკმაო სერიოზულ ეჭვებს აჩენს, ასევე, სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასული მათი განცხადებები ივანიშვილის მიმართ და გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიანე და არც კუბილიუსი არ არის ევროპარლამენტი, მით უმეტეს არ არის ევროკავშირი, სულ სხვა გამოწვევებია მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ იღებს მონაწილეობას, რომელიც “ნაცმოძრაობამ” მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.