განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი – აშშ-ის ელჩი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს პასუხობს

ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, წლებია აშშ მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოკიდებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა.

„ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი. წლებია ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოკიდებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი – მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა”,- განაცხადა დეგნანმა.

კითხვაზე: რატომ გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლის ვიზიტი? დეგნანი პასუხობს:

„მე ამ კითხვაზე სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ”.

„თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდეს გამოცდილების გაცვლა. ვფიქრობ, ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა. ეს იყო სასარგებლო, როგორც ქართველი მოსამართლეებისთვის, ასევე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ჩვენი პროგრამები კვლავ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს”,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.