“კახა კალაძეს საკრებულოს უმრავლესობის წევრების სრული მხარდაჭერა და თანადგომა აქვს” – გიორგი ჩაკვეტაძე

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს მთავრობის სხდომაზე  გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ატარებს იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები. 

,,ჩვენგან, საკრებულოს უმრავლესობის წევრებისგან, დედაქალაქის მერს აქვს სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ვიცით, თუ რას გრძნობს ის დღეს. ვიზიარებთ იმ მძიმე პერიოდს, რომელიც მარიტა მეფარიშვილის ოჯახს აქვს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სამძიმარს ოჯახის ახლობლებისა და თანაკლასელების მიმართ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე და მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს.’’ განაცხადა საკრებულოს წევრმა.

„დღეს, ქალაქის მერმა გასცა ბრძანება, რომლითაც მერიას დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, ყველა იმ სამუშაოსა და ობიექტის შემოწმება დაევალა, რომლის ექსპერტიზაც  ამ კონკრეტულმა კომპანიამ განახორციელა.’’ აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, თანამოქალაქეებს  მაქსიმალური განცდა უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ  ყველაფერი გაკეთდება, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედია თავიდან იქნეს აცილებული.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს და დეპუტატებს მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან და შეწყვიტონ დეზინფორმაცია და ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.’’ განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.