“მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება”-კახა კალაძე

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო – პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ.

„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ შეკითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც ჩვენი მთელი უწყება თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.

ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც,  მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი შეკითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.