“ჩვენი ოპონენტების მოქმედებები ყველა ზღვარს გადასცდა და ამაზრზენი ფორმა მიიღო”-ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები ყველა ზღვარს გასცდა. განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მოქმედებები ყველა ზღვარს გადასცდა და ამაზრზენი ფორმა მიიღო. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ ტრაგედიის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც სრულიად ამორალურია“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ფრაქციის თავმჯდომარე, მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს შეწყვიტონ უღირსი კამპანია და კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. „მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ეს ამაზრზენი კამპანია და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ და ადეკვატურ რეჟიმს, რომელსაც იმსახურებს არსებული რეალობა და ის ოჯახები, რომელიც ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. მათ პოლიტიკურ ინტერესებსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, რომელიც გადალახული არ უნდა იქნეს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ოთარ გრიგოლია ასევე აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, მცდარი იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და პასუხისგებაში არავინ მიეცემა.

„ქალაქის მერმა დღეს დაავალა მერიას დაქვემდებარებულ უწყებებს ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების განხორციელება, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენექსპერტმა“ შეასრულა. ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რათა კიდევ უფრო მეტ კითხვაზე მივიღოთ პასუხი“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.