იტალიური ენის მსოფლიო კვირეული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წ. 20 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა სემინარი, რომელიც  უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას მიეძღვნა.

კვირეული იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

იტალიური ენის კვირეული დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება: კონფერენციები, კონკურსები, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, სიმპოზიუმები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალიური ენა და ახალგაზრდები“.

საქართველოში მოქმედ იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის „მინერვას“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სემინარის ფარგლებში, საჯარო ლექციები წაიკითხეს იტალიის უმაღლესი განათლებისა და კვლევების ფონდის ინსტიტუტ „Teseo“-ს პროფესორებმა: სტეფანო ამოდიომ – „ლინგვისტური მედიაცია და იტალიური ენა, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საშუალება“ და მელინა ალეგრომ – „იტალიური ენისა და ახალგაზრდების ენის ევოლუცია გლობალიზაციის ეპოქაში“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და საელჩოს წარმომადგენლები; „მინერვა ინტ“-ის პრეზიდენტი, ბატონი ჯოვანი ჯაკომანტიო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერდია შუკაკიძე; საჯარო სკოლების იტალიური ენის პედაგოგები; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები.

რექტორის სახელით, სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში იტალიის საელჩოსთან და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრთან „მინერვა“ ჩამოყალიბებული თანამშრომლობა ნაყოფიერად და  წარმატებით გრძელდება და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული შრომისთვის.

იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის „მინერვა“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია ჯიჯავამ ისაუბრა კვირეულის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ და ხაზი გაუსვა ამ აქტივობებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ბერდია შუკაკიძემ ისაუბრა იტალიური ენის პედაგოგების კვალიფიციურობაზე და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც იტალიის საელჩოს, ასევე ორგანიზაცია „მინერვას“.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. მაღალი შეფასება მისცა ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ჩატარებულ ღონისძიებებს, მადლობა გადაუხადა რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და აღნიშნა, რომ იტალიის საელჩოსა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, კვლავაც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს ხელშეწყობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის „მინერვას“ უშუალო ჩართულობით, უკვე მეშვიდე წელია, იტალიური ენა, სტუდენტებისთვის უფასოდ ისწავლება. ამასთანავე, სამაგისტრო პროგრამა „კულტურათაშორისი ურთიერთობებში“ ისწავლება იტალიური ენა.

„მინერვა ინტ“-ის პრეზიდენტის, ბატონი ჯოვანი ჯაკომანტიოსა და ქალბატონი მაია ჯიჯავას უშუალო ხელშეწყობით, რამდენიმე წელია სსუ-ში გაიხსნა იტალიური ენის კაბინეტი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუდენტებმა შეისწავლონ იტალიური ენა ან აიმაღლონ კვალიფიკაცია.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია იტალიური ენის სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა, რაც ისევ და ისევ იტალიის საელჩოსთან მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც წინა წლებში, ახლაც აქტიურადაა ჩართული ყველა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რაც ჩვენი იტალიელი პარტნიორების მხრიდან ამ უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელობის უპირობო აღიარებას წარმოადგენს.