“გვემუქრებიან ყველა ექიმს -წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი”-ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორი,  ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები კლინიკის ექიმებს ემუქრებიან და პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

 “ზეწოლა მუდმივად ხდებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე – არა კონკრეტულად ჩვენზე, არამედ ოჯახის წევრებზეც. მათ შორის მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გვემუქრებიან სოციალური ქსელით, არის სატელეფონო მესიჯები”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ექიმი ამბობს, რომ მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიაში გავრცელებული ვერსიებია. ზურაბ ჩხაიძე შესაბამის უწყებებს მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ, რომელსაც ეს ევალება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. და ყველა ამ ქმედებას მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,” – აცხადებს  ზურაბ ჩხაიძე.- აღნიშნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობას, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსზე   მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხი უარყოფითია .

„გუშინ გავიმეორეთ PCR-ტესტი, მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ასევე, გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და უნდა ითქვას, რომ ლაბორატორიული მონაცემების კუთხით არის გაუმჯობესება. ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე და მათ გონების კარგვა უშალოდ არ უნახავთ,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ექიმმა, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება.

“რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს და პერსონალურ ექთანს, მათ მიერ გონების კარგვა ნანახი არ იყო.   პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას. ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება.

რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე. პაციენტი თავს იკავებს. აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.

„დღეს დილიდან დედამისიც იყო, ასევე ორი ადვოკატი, კიდევ ორს ელოდება, მგონი შევიდნენ. პაციენტი იმყოფება ისევ თავის პალატაში. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მიხეილ სააკშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.