“გიორგი მარგველაშვილი წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ღირსეულ თანამშრომლებს”-რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, „რაც ყოვლად დაუშვებელია“. ამის შესახებ რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ.

„ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება.

ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას, ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ მიისწრაფვის.

ბატონმა გიორგიმ, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამების შესახებ ტყუილის გავრცელებით შეურაცხყოფას აყენებს პენიტენციური სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ასე ხელაღებით, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, უმძიმესი დანაშაულის დაბრალება არ ყოფილა შუმანის, ადენაუერის, მონესა თუ ევროპული ერთიანობის სხვა არქიტექტორთა მოქმედების სტილი. ამგვარი ქცევა საბჭოთა პროპაგანდისტების სამარკო ნიშანი იყო.

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.