“ფაზლები დალაგდა -ახლა ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ დიდი ხანია იცოდა პარტიაში მოღალატეების არსებობს შესახებ და იმ მოვლენებს იხსენებს, როცა პარტიის გარკვეულმა წარმომადგენლებმა, რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ჟურნალისტი ამ ადამიანების სახელებისა და გვარების გასაჯაროებით იმუქრება და ამბობს, რომ „გამყიდველებმა და კონფორმისტებმა“ სააკაშვილს „თხუთმეტი ათასის“ გამო უღალატეს.

„ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ. განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.

აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს!

ეს უსირცხვილო “კასირები” ესენი. ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!

ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ გამყიდველები და კონფორმისტები (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში ბევრი ღირსეული და იდეალების ერთგული ადამიანიცაა) რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს. ფულში და კარგ ცხოვრებაში!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელებსა და მასმედიის საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტის შესახებ განცხადება დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი მუმლაძემაც გააკეთა.