“ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს – კახა კალაძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სააშკარაოზე გამოაქვს, გუნდში არსებული დაპირისპირება.

“მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან,” – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ადასტურებს რომ ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და “შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა”. “ნაციონალურ მოძრაობაში” ასევე განმარტავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.