ევროპარლამენტის არჩევნებში წინასწარი შედეგებით მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ იმარჯვებს

ევროკავშირში ჩატარებული 4 დღიანი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ იმარჯვებს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანება ევროპარლამენტში 191 ადგილს დაიკავებს. 135 მანდატით მეორე ადგილს ინარჩუნებს სოციალისტებისა და დემოკრატების ბლოკი. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები დაახლოებით იმავე შედეგებზე, 71 და 58 ადგილით დარჩნენ

ევროპარლამენტის არჩევნებში მარცხი განიცადა გერმანიის მმართველმა პარტიამ. ოლაფ შოლცის პოლიტიკურმა ძალამ პოზიციები ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ დათმო.

31 %-იანი შედეგით იტალიაში ლიდერობა შეინარჩუნა პრემიერ ჯორჯა მელონის პარტიამ. ესპანეთში 33 %-იანი შედეგით კონსერვატიული „სახალხო პარტია“ იმარჯვებს. ავსტრიაში ხმათა უმეტესობის დათვლის შედეგად ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია” ლიდერობს. ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციამ“. 43 %-იანი შედეგით იმარჯვებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია.

ევროპარლამენტის არჩევნებში აქტივობამ 51% შეადგინა, რაც 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.