“ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია” – მაკა ბოჭორიშვილი

ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ამ ეტაპზე, ანგარიში შესაბამის სამსახურებში პოლიტიკურ შეფასებებს გადის , – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბაჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლოდინი არის, რომ საქართველოს მაღალი შეფასება ექნება.

მისივე თქმით, ელჩთან შეხვედრაზე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით პროგრესზე ისაუბრა, ასევე განიხილეს რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი პარლამენტის მხრიდან მეტი ინტეგრაციისთვის.

“ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ, უკვე არის მომზადებული და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მოველით, რომ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების შესრულების კუთხით. ზუსტი თარიღი გამოქვეყნების არ თქმულა, ვიცით, რომ ანგარიში არის მომზადებული და ამ ეტაპზე გადის ევროკომისიის შესაბამის სამსახურებში ასევ ვთქვათ, პოლიტიკურ შეფასებებს და ალბათ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ზოგადად მოლოდინი არის, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები, სჯობს დაველოდოთ გამოქვეყნებას”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებს ხვდება.