“ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია პირნათლად და ზედმიწევნით შესრულდეს”-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მხრიდან არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ ძალისხმევას, რომ უმოკლეს ვადებში ყველა რეკომენდაცია პირნათლად და ზედმიწევნით შესრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმედია, ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში.

„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია იქნას პირნათლად და ზედმიწევნით შესრულებული უმოკლეს ვადებში. სწორედ ამ მიზნით არის შედგენილი ის გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამ მიზნით არის შექმნილი თითოეულ რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალურად მოკლე დროში. დანარჩენი არის ოპოზიციის გასაკეთებელი. მეც მინდა, იგივე ოპტიმიზმით გიპასუხოთ, რაც ევროკომისარმა გამოთქვა და გამოხატა. იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.