“მზად ვართ, დაგეხმაროთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე”- ოლივერ ვარჰეი

მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი, რადგან საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, – განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დასაკარგი დრო არ გვაქვს.

„მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც მოდის თქვენსკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე. არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი, რადგან საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანების შესახებ და ბევრად ადრეც, მისი ერთგულება ევროპული ფასეულობებისა და ევროპული ღირებულების მიმართ არის რამდენიმე ათწლეულის წინანდელი. ეს ხაზი მკაფიოდ ჩანდა და განსაკუთრებით გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი.

„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იმავე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ვსტაცოთ ხელი ამ შესაძლებლობას და ვაქციოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს. უკვე ვხედავთ, პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და, რა თქმა უნდა, გვ ჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპისკენ გზაზე“, – აღნიშა ვარჰეიმ.